ლონდონის „ტოტენჰემის“ ხორვატი ფეხბურთელი ივან პერიშიჩი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით სპლიტის „ჰაიდუკში“ ითამაშებს, – ინფორმაციას სპლიტის გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
2023/2024 წლის საფეხბურთო სეზონის დასაწყისშივე ივან პერიშიჩმა მძიმე ტრავმა მიიღო და დღემდე რეაბილიტაციის პროცესშია. როგორც ცნობილია, ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე მოედანზე დაბრუნება სურს, რათა ფორმა აღიდგინოს და ხორვატიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.
34 წლის პერიშიჩი „ჰაიდუკში“ 17 წლის შემდეგ დაბრუნდა. ის სწორედ ამ კლუბის აღზრდილია, შემდეგ კი ევროპის რამდენიმე ქვეყნის გუნდში თამაშობდა. ის ანაზღაურების სახით ერთ მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო სეზონის ბოლოს „ჰაიდუკს“ შეეძლება, მასთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმოს.
ხორვატმა ფეხბურთელმა მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად 2020 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო; მანამდე, 2018 წელს ხორვატიის ნაკრების რიგებში კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. „ტოტენჰემში“ პერიშიჩი 2022 წელს გადავიდა.