ივან კრუჟლიაკი სლოვაკეთიდან - საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის მსაჯი ცნობილია #1TVSPORT
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას, რომელსაც „დინამო არენა“ უმასპინძლებს, სლოვაკ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება – ინფორმაციას უეფა-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მთავარი არბიტრი ივან კრუჟლიაკი იქნება, რომელსაც ლაინსმენის როლში დაეხმარებიან ბრანისლავ ხანცკო და იან პოზორი. მეოთხე მსაჯი სლოვაკი პეტერ კრალოვიჩი იქნება. ცნობილია ვიდეორეფერის ვინაობაც – უეფა-მ მსაჯობის ტექნიკური მხარე იტალიელ მარკო ბრესმესს მიანდო.
ივან კრუჟლიაკი ბრატისლაველია. 38 წლის არბიტრი სლოვაკეთის პრემიერლიგის მატჩებს 2010 წლიდან ემსახურება. მისი საერთაშორისო დებიუტი შედგა 2012/2013 წლების უეფა-ს ევროპა ლიგის სეზონში. ეროვნული ნაკრების დონეზე კი 2012 წლის 15 აგვისტოს (უნგრეთი – ისრაელი – 1:1). ევროპის ჩემპიონატის თამაშებზე უმსაჯია სხვადასხვა ასაკის გუნდებს შორის (U17, U19, U21), ფინალური მატჩების ჩათვლით.
ერთა ლიგის C4 ჯგუფში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 23 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).