ვილი სანიოლი - გიბრალტარის წინააღმდეგ ჩვენგან ყველა გამარჯვებას ელის #1TVSPORT
ვილი სანიოლი - გიბრალტარის წინააღმდეგ ჩვენგან ყველა გამარჯვებას ელის #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „ვიქტორია სტედიუმზე“ გიბრალტართან მატჩისწინა ვარჯიში გამართა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კი პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხა.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. აქ იმისთვის ვარ, რომ ყოველთვის საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიო, რადგან მოგება ჩვენთვის მთავარი მიზანია. რა თქმა უნდა, გასულ მატჩთან შედარებით გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა 11 ფეხბურთელის ცვლილებას არ უნდა ელოდოთ.

ჯგუფის მოგება ისტორიულია თუ არა, ეს გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა უნდა შეაფასონ, რომლებიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან. ახლა კარგ ფორმაში ვართ, გუნდში პოზიტიური განწყობაა და ეს ფეხბურთელების დამსახურებაა. ისინი არა მხოლოდ ნაკრებში, არამედ კლუბებშიც თავდაუზოგავად შრომობენ, რათა მზად იყვნენ ეროვნულ გუნდში სათამაშოდ. ასეთ გარემოში მუშაობა ძალიან სასიამოვნოა.

ხვალ ჩვენგან ყველა გამარჯვებას ელის და მათ შორის, მეც, თუმცა ფეხბურთში, თითოეულ თამაშში უნდა დაამტკიცო შენი შესაძლებლობები და ამ პოზიტიური სერიის გასაგრძელებლად ისევე უნდა ვიმუშაოთ, როგორც გასული 18 თვის განმავლობაში.

ნაკრებში არიან მოთამაშეები, რომლებიც დიდ ლიგებში თამაშობენ. კვარაცხელიას, დავითაშვილის, მამარდაშვილის და სხვების წარმატების წყალობით, უცხოეთში ქართული ფეხბურთის მიმართ სულ უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ. ეს მნიშვნელოვანია და ცვლის წარმოდგენას ქართული ფეხბურთის შესახებ.

კლუბებისთვის უფრო ჩვეულია ბრაზილიელი ან არგენტინელი მოთამაშეების შეძენა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ახალგაზრდების ევროპულ ლიგებში ყოფნა, გზას გაუხსნის სხვა ქართველ მოთამაშეებს. ვფიქრობ, ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც უკეთეს ჩემპიონატებში თამაში შეუძლიათ და ეს ჩვენს საერთო დონეს კიდევ უფრო აამაღლებს.

ხელოვნურ საფარში სანერვიულო არაფერია. რთულია, თუმცა ზოგჯერ ბუნებრივი მოედანიც ცუდ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, ბურთი განსხვავებულად მოძრაობს ხელოვნურ საფარზე, თუმცა ეს ხვალინდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ფაქტორი არ უნდა გახდეს.

ჩვენი წაუგებელი სერია კოსოვოში დაიწყო, სადაც განსხვავებული სისტემით ვითამაშეთ. ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა შეგვეცვალა. პირველად სისტემა გასული წლის ივნისში, ნიდერლანდებთან გამოვცადეთ, რადგან მჯეროდა, რომ სწორედ ეს სისტემაა ამ გუნდის მომავალი. ფეხბურთელებს გარკვეული დრო დასჭირდათ იმ ფილოსოფიასთან შესაგუებლად, რომელიც მოედანზე უნდა გადაგვეტანა.

გაგვიმართლა, რომ არ გვყავდა ბევრი ტრავმირებული ბოლო 8 თვის განმავლობაში, თამაშები დიდი როტაციის გარეშე ჩავატარეთ, რამაც ახალი სისტემის დანერგვას შეუწყო ხელი. ეს ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს წარმატებულ სერიაში. უფრო თავდაჯერებულები ვართ, გვჯერა ჩვენი სისტემის, გვჯერა საკუთარი თავის, თუმცა მთავარი არა ჩემი და სტაფის გადაწყვეტილებები, არამედ ფეხბურთელების მიდგომაა“, – ამბობს ვილი სანიოლი.