გიბრალტარის დამარცხებით საქართველო C ლიგის საუკეთესო გუნდი გახდება - უგულშემატკივრე ჩვენს ნაკრებს საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
გიბრალტარის დამარცხებით საქართველო C ლიგის საუკეთესო გუნდი გახდება - უგულშემატკივრე ჩვენს ნაკრებს საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ერთა ლიგის ბოლო მატჩში „ვიკტორია სტედიუმზე“ ორშაბათს 22:45 საათზე დაუპირისპირდება. საქართველო (13 ქულა) ექვსი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიას – სანიოლის გუნდი ჯგუფის გამარჯვებულის და ერთა ლიგის „ბ“ დივიზიონის გუნდის რანგში ესტუმრება გიბრალტარს, რომელიც 2024 წლის მარტში პლეი-აუტში შეეცდება, „დ“ ლიგაში გავარდნას გადაურჩეს.

მწვრთნელი, რომელიც 8 დღე ურუგვაიში დააკავეს

მიუხედავად იმისა, რომ გიბრალტარი დიდი სანაკრებო წარმატებებით ვერ დაიკვეხნის, მას აქვს საკუთარი საფეხბურთო ასოციაცია, რომელიც 1895 წელს დაფუძნდა და მსოფლიოში 10 უძველესიდან ერთ-ერთია. გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაცია უეფა-ს სრულუფლებიანი წევრი 2013 წელს გახდა, ხოლო ფიფა-ში 2016 წელს მიიღეს.

ქალაქ გიბრალტარში არის „ვიკტორია სტედიუმი“, რომელიც 5000 მაყურებელს იტევს. საქართველოს ამ სტადიონზე მიიღებენ, ეს არის გიბრალტარის ორი არენიდან ერთ-ერთი. ფეხბურთის მატჩების გარდა, ის ასევე არის გიბრალტარის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის ადგილი.

2016 წლიდან გუნდს ურუგვაელი ხულიო სეზარ რიბასი ხელმძღვანელობს. ერთ დროს 65 წლის სპეციალისტი მუშაობდა სამშობლოში, 90-იანი წლების ბოლოს მან „პენიაროლი“ ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა, მოგვიანებით კი ციხეში რვა დღით მოხვდა „ნასიონალთან“ დერბის დროს მასობრივ ჩხუბში მონაწილეობისთვის. 2008 წელს ხელმძღვანელობდა ომანის ეროვნულ გუნდს, მაგრამ სამი მატჩის შემდეგ გაათავისუფლეს. აქვე აღვნიშნავ, რომ ხულიო სეზარი თავდამსხმელის, სებასტიან რიბასის მამაა, რომელიც თამაშობდა საფრანგეთსა და იტალიაში.

პოლიციელები, საჯარო მოხელე, მებაჟე და რამდენიმე პროფესიონალი

ახლა კი ყველაზე საინტერესო – ფეხბურთელებზე. მათი უმრავლესობისთვის ფეხბურთი მხოლოდ ჰობია, ხოლო საარსებო მინიმუმს სპორტისგან შორს მდებარე ადგილებში მუშაობით შოულობენ. მაგალითად, ლი კაშიარო სამხედრო პოლიციელად მუშაობს. სხვათა შორის, 35 წლის თავდამსხმელმა 2015 წლის 29 მარტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შოტლანდიას გაუტანა და ოფიციალურ თამაშებში გიბრალტარის პირველი გოლის ავტორი გახდა.

ეროვნული ნაკრების მოთამაშეები არიან რაიან კაშიარო (პოლიციელი), როი ჩიპოლინა (საბაჟოს თანამშრომელი), ჯოზეფ ჩიპოლინა (საჯარო მოხელე), კაილ კაშიარო (ექსპედიტორი), ჟან კარლოს გარსია (ხელოსანი).

გიბრალტარის ნაკრების კიდევ ერთი წარმომადგენელი ლიამ უოკერია, რომელიც „ლინკოლნ რედ იმპსის“ ერთ-ერთი იშვიათი პროფესიონალი მოთამაშეა. შესაძლოა, 34 წლის ნახევარმცველის კარიერის მწვერვალად მივიჩნიოთ გამოსვლა ისრაელის პრემიერ-ლიგის „ბნეი იეჰუდაში“ და ინგლისის ლიგა 1-ის „პორტსმუთში“. ახლა ასეთი „კადისის“ ნახევარმცველი, 17 წლის ნიკოლას პოსოა.

 

საქართველოს იმედები

პარასკევს ბულგარეთთან 5:1 მარცხმა უზრუნველყო, რომ გიბრალტარი ამ ჯგუფში ბოლო ადგილზე დარჩებოდა, ჯერჯერობით მხოლოდ 1 ქულით, 16 გოლი გაუშვა და მხოლოდ 2 გაიტანა. ფიფა-ს რეიტინგში მე-200 ადგილზე მყოფი გუნდისთვის ყოველთვის რთული იყო გამარჯვება. 2020 წლის ოქტომბერში ლიხტენშტეინთან შემდეგ გუნდს არ მოუგია. მიუხედავად ამისა, გიბრალტარელების მწვრთნელი ხულიო სეზარ რიბასი ჯგუფური ეტაპის პოზიტიური შედეგით დასრულებას ისახავს მიზნად. ორ გუნდს შორის ბოლო შეხვედრა 2 ივნისს, ერთა ლიგის ამ ციკლის დასაწყისში, თბილისში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – 4:0.

საქართველოს ერთა ლიგის მართლაც წარმატებული ეტაპი ჰქონდა. ჯგუფის პირველ ადგილზე გასვლით, გუნდი არა მხოლოდ დაწინაურდა ერთა ლიგის B ლიგაში მომდევნო გათამაშებაში, არამედ ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის პლეი-ოფში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ახლა უკვე კარგად გახდება ცნობილი ევროპული საკლუბო ფეხბურთის მოყვარულებისთვის. მან დიდი გავლენა მოახდინა როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, გაიტანა ოთხი გოლი „ნაპოლიში“ და შთამბეჭდავ თამაშს აჩვენებს.

 

ერთა ლიგის ამ ეტაპზე, ხვიჩამ ნაკრებში 4 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და 2 პენალტი მოიპოვა. ორი გოლი შექმნა, მათ შორის ერთი ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ბოლო მატჩში, რომელიც საქართველოს მოგებით 2:0 დასრულდა.

„ჯვაროსნები“ ასევე საიმედოები არიან დაცვაში და ზედიზედ სამჯერ შეინახეს კარი უგოლოდ, სულ კი 5 მატჩში 2 გოლი გაუშვეს. გუნდი თავდასხმაშიც შედეგიან ფეხბურთს აჩვენებს – ბუდუ ზივზივაძე კი გუნდის შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა.

ევროშანსები

საქართველომ ევრო 2024-ის პლეი-ოფის საგზური უკვე გაინაღდა და ახლა მთავარია, ეს მატჩები მასპინძლის რანგში ჩაატაროს. „ჯვაროსნებს“ რეალური შანსი აქვთ, რომ ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებულებიდან პირველ ადგილზე გავიდნენ და პლეი ოფის ნახევარფინალში C დივიზიონის გამარჯვებულებში ყველაზე სუსტ ნაკრებს, ყაზახეთს უმასპინძლონ. საამისოდ, გიბრალტარში მოგება აუცილებელია და საბერძნეთმა კი შინ ჩრდილოეთ ირლანდიასთან არ უნდა წააგოს.

სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც 25 სექტემბერს პირველი ჯგიფის ლიდერმა, თურქეთმა სტუმრად ფარერებთან 1:2 წააგო. აზერბაიჯანში მარცხით დაასრულა ჯუგფური ეტაპი მესამე ჯგუფის პირველადგილოსანმა ყაზახეთმა – 0:3.

კარში ლორია

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა არჩევანი უკვე გააკეთა – კარში გიორგი ლორია დადგება, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასაოცარი მატჩი ჩაატარა.

„ჩემთვის უფრო მნიშვნელივანი ისაა, რომ ამ მომენტისთვის ორი მაღალი დონის მეკარე გვყავს – ლორია და მამარდაშვილი. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მამარდაშვილით კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ გიბრალტართან ლორია ითამაშებს. ივნისის 4 მატჩიდან 3-ში კარში ლორია იდგა და საიმედოდ თამაშობდა“, – ასე ახსნა ვილი სანიოლმა გადაწყვეტილება.

კაპიტნის მე-100 მატჩის მოლოდინში

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია 26 სექტემბერს გიბრალტართან მოედანზე გასვლის შემთხვევაში, ეროვნულ გუნდში საიუბილეო მე-100 მატჩს ჩაატარებს და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდება ლევან კობიაშვილს და ჯაბა კანკავას.

ნიკა კვეკვესკირმა პირველი სანაკრებო შეხვედრა სწორედ გიბრალტართან მოგებული (4:0) დაპირისპირების დროს ჩაატარა. ეს 2015 წლის 8 ოქტომბერს, თბილისში მოხდა. „დინამო არენაზე“ გამართულ სადებიუტო მატჩში ნიკამ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გიბრალტარსა და საქართველოს შორის ერთა ლიგის C4 ჯგუფის შეხვედრა 26 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).