იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ მიღებული ქულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მიერ მიღებული ქულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატების კეთილსინდისიერება და კომპეტენცია შეაფასეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სიის შესარჩევად ორ კენჭისყრას ხვალ ჩაატარებს. კანონის მოხედვით, საბჭო 48-კაციანი სიიდან ფარული კენჭისყრით შეარჩევს 20 კანდიდატს, ამის შემდეგ კი, მონაცემები საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
კანონის თანახმადვე, საბჭოში კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩატარდეს, რომლის მიხედვითაც, სათითაოდ ეყრება კენჭი შერჩეულ 20 კანდიდატს, იმის გასარკვევად, უნდა წარედგინოს თუ არა მისი კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს. კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ მას საბჭოს ღია სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
პროცედურის დეტალები საქართველოს პირველ არხთან საუბრისას საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განმარტა.
„პირველი კენჭისყრა შეეხება იმას, რომ რამდენ ვაკანსიაზეც არის გამოცხადებული კონკურსი, იმ რაოდენობის სია უნდა გაკეთდეს, ანუ 20-კაციანი სია. ამის შემდგომ ეს სია უნდა გამოქვეყნდეს და შემდეგ საბჭომ უნდა უყაროს კენჭი ამ სიაში შესულ კანდიდატებს იმასთან დაკავშირებით, წარედგინებიან თუ არა ისინი საქართველოს პარლამენტს. პირველად 20-კაციანი სიის შედგენა არ ნიშნავს კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენას. წარდგენაზე კანდიდატებს ცალკე ეყრებათ კენჭი და ამ შემთხვევაში უკვე საჭიროა ის, რომ მინიმუმ საბჭოს ათმა წევრმა დაუჭიროს მხარი კანდიდატს“, – განმარტა ჯანეზაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მიერ მიღებულ ქულათა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.