იტალიის მედიკამენტების სააგენტოში აცხადებენ, რომ გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის მიერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შეჩერება „პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“
იტალიის მედიკამენტების სააგენტოში აცხადებენ, რომ გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის მიერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შეჩერება „პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“

იტალიის მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლა მაგრინი აცხადებს, რომ გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის მიერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შეჩერება „პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ მაგრინიმ გამოცემა „ლა რეპუბლიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ შეჩერებამდე მივედით, რადგან რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა, გადაწყვიტეს ვაქცინაციის შეჩერება შემოწმების ჩასატარებლად. ეს არჩევანი პოლიტიკურია“, – განაცხადა იტალიის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა.

მაგრინის თქმით, „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა, ხოლო აცრის სარგებლისა და რისკის თანაფარდობა ზოგადად, დადებითია. მან ასევე აღნიშნა, რომ იტალიაში ვაქცინაციის შედეგად დაფიქსირდა გარდაცვალების რვა შემთხვევა და სერიოზული გვერდითი ეფექტების ოთხი შემთხვევა.

მაგრინის თქმით, იტალიის მედიკამენტების მარეგულირებელ სააგენტოს რამდენიმე დღე დასჭირდება ყველა საჭირო მონაცემის შესაგროვებლად და როგორც კი ეჭვები გაქარწყლდება, ვაქცინაცია უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება.