იტალიას ტოკიოს ოლიმპიადიდან მოკვეთა ემუქრება
იტალიას ტოკიოს ოლიმპიადიდან მოკვეთა ემუქრება

იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ განაცხადა, რომ ქვეყანა შეიძლება არ დაუშვან 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე, აგრეთვე, ჩამოართვან 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება. მისი სიტყვებით, ეს უკავშირდება სპორტის შესახებ ახალ კანონსა და შიდაპოლიტიკურ კრიზისს.

„ჩვენ სერიოზული შედეგები გველოდება. ლაპარაკია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში იტალიის წევრობის შეჩერებაზე, რასაც, შესაბამისად, მოჰყვება ჩვენი სპორტსმენების გამოსვლის აკრძალვა ტოკიოს ოლიმპიადაზე ან მათთვის „ნეიტრალური სპორტსმენების“ სტატუსის მინიჭება. ასევე, შესაძლებელია 2026 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევა. მიზეზი – პოლიტიკური კრიზისია, გაურკვევლობა მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან დაკავშირებით და სპორტის რეფორმის კანონი, რომელიც მიიღო პარლამენტმა, მაგრამ არ მოიწონა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა“, – მოჰყავს მალაგოს სიტყვები „ტუტოსპორტს“ (Tuttosport).

რომსა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შორის ურთიერთობებში პრობლემები აგვისტოში დაიწყო, როცა იტალიის პარლამენტმა საბოლოოდ მოიწონა კანონი ეროვნული სპორტის სისტემის რეფორმის შესახებ. საპასუხო ნაბიჯი შეიძლება გახდეს იტალიის ეროვნული გუნდის ჩამოშორება 2020 წლის ოლიმპიადიდან.