შენ ჩემპიონი ხარ - გენო პეტრიაშვილის დახვედრა თბილისის აეროპორტში [ფოტო+ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ტოკიოდან თბილისში დაბრუნდა. ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ სპორტსმენები, რომლებსაც ტოკიო 2020-ის დასკვნით დღეებში უწევდათ ასპარეზობა. 

მათ შორის არიან კარატისტი გოგიტა არქანია და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები. გენო პეტრიაშვილს, რომელმაც ფინალური ბრძოლის ბოლოწამს დაკარგა ოქროს მედალი, ოჯახის წევრები და ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი დახვდნენ. შეგახსენებთ, რომ ლადოს 2012 წლის ოლიმპიადის ფინალში ბოლო წამს წაართვეს ჩემპიონობა, 2016 წელს კი ოქროს მედალი მოიგო.

იგივეს ველით გენო პეტრიაშვილისგან, რომელსაც თბილისის აეროპორტში პლაკატით დახვდნენ – „შენ ჩემპიონი ხარ“.

„საქართველოსთან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. მინდა ყველა ქართველს მივულოცო წარმატებული გამოსვლა ოლიმპიადაზე“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა.

ფოტო/ვიდეო – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური