თაკო ჩარკვიანი - 99 პროცენტი მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი საქართველოშია
თაკო ჩარკვიანი - 99 პროცენტი მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი საქართველოშია

ხელისუფლება როცა ხარ და სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუციებს გაანადგურებ, კორუფციაში ამოაყოფინებ თავს, შემდეგ ასე ხდება – ვერ იგებ, საზღვარს ვინ კვეთს, ვინ გადმოდის, როგორ, რანაირად ხდება. ასეთი თავსამტვრევი გაუხდათ ჩვენს ხელისუფლებას, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ორგანიზაცია, რომელიც დავაფუძნეთ და იცით, 107 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა გუშინ, იმ ორგანიზაციას ჰქვია „საერთო სახალხო მოძრაობა“ სააკაშვილის მშვიდობიანად დასაბრუნებლად, ასე დაერქვა. ნუ, დაბრუნდა მშვიდობიანად. საერთოდ, ხელისუფლება როცა ხარ და სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუციებს გაანადგურებ, კორუფციაში ამოაყოფინებ თავს, შემდეგ ასე ხდება – ვერ იგებ, საზღვარს ვინ კვეთს, ვინ გადმოდის, როგორ, რანაირად ხდება. ასეთი თავსამტვრევი გაუხდათ ჩვენს ხელისუფლებას.

გუშინ მივმართე გომელაურს, ღარიბაშვილს, რადგან ღარიბაშვილის მხრიდან საშინელი, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მოვისმინეთ. გამოვიდა პრემიერი და თქვა, 100 000 კაცი გამოვა და გამოვა რა, პოლიცია სად არის, როგორ? ვიღაცას თავისი აზრი აქვს, ვიღაცას სხვა, და უნდა მივეჩვიოთ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები მშვიდობით დადგნენ ხოლმე აქციებზე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ინფორმაცია გაქვთ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ჩარკვიანმა განაცხადა, რომ 99 პროცენტი აქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი საქართველოშია.

„მე ასე არ შემიძლია საუბარი, 99 პროცენტი მაქვს ინფორმაცია, საქართველოშია“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.