ისტორიული მატჩი | გურამ მინაშვილის გადამწყვეტი ტყორცნა - „დინამომ“ „მილანი“ იტალიაში დაამარცხა #1TVSPORT
ისტორიული მატჩი | გურამ მინაშვილის გადამწყვეტი ტყორცნა - „დინამომ“ „მილანი“ იტალიაში დაამარცხა #1TVSPORT

დღეს „მილანი“ ევროლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. თბილისის „დინამოს“ კი, დიდი ხანია, ევროტურნირებზე გამარჯვება არ მოუპვებია.

იყო დრო, დინამოელები თვით „მილანს“ უგებდნენ იტალიაში. ამ მატჩს უშუალო მონაწილე, გუნდის კაპიტანი გურამ მინაშვილი იხსენებს, რომელსაც 25 ნოემბერს 86 წელი შეუსრულდებოდა.

„1962-63 წლებში ორი საბჭოური გუნდი გავიდა ჩემპიონთა თასზე – თბილისის „დინამო“ და მოსკოვის ცსკა. ეს ის პერიოდი იყო, შიდა ასპარეზზე მოსკოვის არმიელები პირველობას არავის რომ არ ანებებდნენ. ლატვიური ასკ და ჩვენ ღირსეულ კონკურენციას ვუწევდით, მაგრამ სსრ კავშირის ჩემპიონობის მოპოვებას ვერ ვახერხებდით.

ცსკა-ს ერთ მატჩში დამარცხება შესაძლებელი იყო, მაგრამ პროცესში ისინი გვჯობნიდნენ. ამიტომ მოუწია თბილისის „დინამოს“ დიდხანს მოცდა, ვიდრე 1954 წლის შემდეგ მეოთხედ მოიპოვებდა სსრ კავშირის ჩემპიონობას. დინამოელებმა ეს 1967 წელს მოახერხეს, თუმცა იმ დროს გუნდში აღარ ვიყავი.

მოსკოვის ცსკა 1962-63 წლების სეზონის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მეორე წრიდან ჩაერთო, ჩვენ – მესამედან, რაც პირდაპირ მიუთითებდა, რომ საერთაშორისო საზომებით არმიელებზე წინ ვიყავით.

მესამე წრეში შეჯიბრების ერთ-ერთი ფავორიტი მილანის „სიმენტალი“ დაგვიპირისპირდა. მასში საუკეთესო იტალიელი კალათბურთელები იყვნენ თავმოყრილნი და შესაფერისადაც თამაშობდნენ. რატომღაც, ყველა დარწმუნებული იყო, რომ „სიმენტალთან“ წავაგებდით – ეს განსაკუთრებით მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელებს სურდათ, რადგან მომდევნო ეტაპზე სწორედ ჩვენს წყვილში გამარჯვებულს ხვდებოდნენ და თბილისში სტუმრობას მილანში გამგზავრება ერჩივნათ.

მართლაც წავაგეთ. ოღონდ პირველი შეხვედრა, თბილისში. თავიდან ბოლომდე თანაბარი თამაში იყო და გადამწყვეტ წუთებში მილანელებმა 7 ქულით გაგვასწრეს. ბოლო შეტევის უფლება ჩვენ დაგვრჩა, თუმცა დრო ძალიან ცოტა იყო. მატჩი სპორტის სასახლეში იმართებოდა, რომლის ტრიბუნები ქართველი გულშემატკივრით იყო სავსე და იოლი წარმოსადგენია, რას განიცდიდა თითოეული ჩვენი ქომაგი საშინაო მატჩში დამარცხების შედეგად.

შეხვედრის უკანასკნელ წამებზე გულშემატკივარს ხალისი ოდნავ დავუბრუნე: ბურთი სწრაფად გადმოვიტანე მეტოქის ნახევარზე, მოედნის ცენტრს გადავაბიჯე თუ არა, „სიმენტალის“ კალათისკენ ვტყორცნე და ჩემი გაოცება ქომაგის მქუხარე შეძახილში ჩაიკარგა – ბურთი კალათში ჩაეშვა და ხუთი ქულის სხვაობით დავმარცხდით. ზუსტი ანგარიში რომც არ გახსოვდეს, ინტერნეტს ისეთი მეხსიერება აქვს, არაფერს გამოგაპარებს – 65:70.

თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო – შინ ხუთი ქულით დამარცხებულ გუნდს სტუმრად, თანაც მილანში, წარმატების შანსი არ უნდა ჰქონოდა. ასე ფიქრობდნენ მოსკოვის ცსკა-ს, თუ იტალიის „სიმენტალის“ კალათბურთელები, ბევრი გარეშე პირი, მაგრამ არა თბილისის „დინამო“, რომელსაც გომელსკის თქმისა არ იყოს, კონკრეტული მატჩისთვის ძალების არაადამიანური მობილიზება შეეძლო.

ვერ ვიტყვი, მილანელებს თავდაჯერებამ გაუწია დათვური სამსახური-მეთქი. ასე რომ ყოფილიყო, დიდი სხვაობით წააგებდნენ. როგორც თბილისური შეხვედრა, მილანური მატჩიც ქულა-ქულაში წარიმართა და გულშემატკივარი თავიდანვე შეეგუა, რომ გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე უნდა გადაწყვეტილიყო.

სიმენტალს“ უპირატესობა ჰქონდა – ოთხი ქულით წაგებაც ხელს აძლევდა. მოკლედ, ყველაფერი „მილიმეტრებში“ იყო გათვლილი და მატჩის დასრულებამდე 13 წამით ადრე იტალიელები სათავისო სხვაობით აგებდნენ – 68:72.

ბოლო შეტევის უფლება ამჯერადაც „დინამოს“ დარჩა. ჩვენმა მწვრთნელმა, ოთარ ქორქიამ წუთშესვენება აიღო და გამარჯვების კომბინაცია შეგვახსენა: ყველას უნდა გვემუშავა ალექსანდრე კილაძის გამოთავისუფლებაზე, რომელიც ჩვეულ სტილში სტყორცნიდა, თუ ჩააგდებდა, ექვსი ქულით დავწინაურდებოდით და საშინაო, ხუთქულიან მარცხს გავაბათილებდით.

იტალიელებს კარგად ვყავდით შესწავლილები და ისიც მოეხსენებოდათ, სწორედ კილაძეზე გადავიტანდით აქცენტს. ამიტომ, დიდი ძალები მიმართეს შურას წინააღმდეგ. გვერდიდან შემოტანილი ბურთი მე მივიღე, მოედანზე კალათბურთელთა განლაგებას თვალი მოვავლე, მივხვდი, რომ კილაძეს ბურთს ვერ გადავაწვდიდი, ვერც ფარქვეშ შევიდოდი, რადგან იქ მეტოქეთა სიუხვე იყო და არც საამისო დრო რჩებოდა. ამასობაში ჩემთვის არასასურველ პოზიციაზე აღმოვჩნდი, დრო კი არ ითმენდა, საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე ავიწიე, შორიდან ვტყორცნე და ბურთი კალათში ჩაეშვა – 74:68!

იტალიელები გადაირივნენ, „ფორტუნა, ფორტუნაო“, გაიძახოდნენ.

კალათბურთი ამიტომაცაა დიდებული, რომ ერთმა ტყორცნამ, წამის ერთმა მეასედმა, დიდი წუხილი შეიძლება საოცარ სიხარულად გიქციოს. მილანში მართლაც ქართულად, გულით გავიხარეთ. საოცარი სანახავი იყო ანტონ კაზანჯიანი, რომელიც მატჩის დასრულებისთანავე “სიმენტალის” კალათისკენ გაფრინდა და ისე ჩამოეკიდა, ფეხებით კინაღამ შიგ ჩახტა. სხვათა შორის, ეს სცენა თვალთახედვიდან არ გამორჩენიათ ფოტოგრაფებს და დღესაც შეიძლება მილანელთა კალათზე ამხტარი ალიკა კაზანჯიანის სურათის ხილვა.

მილანიდან „დინამო“ საქართველოში გამოეშურა, მე – მოსკოვში გადავფრინდი, რადგან სსრ კავშირის ნაკრების მატჩი მელოდა. ნაკრების წევრი ცსკა-ელები ცხვირჩამოშვებულები დამხვდნენ, ერთი კვირა არ მელაპარაკებოდნენ. მიზეზი გასაგები იყო: სწორედ ჩემმა ერთმა ტყორცნამ მოუსპო მათ მილანში გამგზავრების საშუალება. არადა, როგორც შემდეგ მითხრეს, „სიმენტალთან“ „დინამოს“ თბილისში დამარცხების შემდეგ იტალიური ვოიაჟისთვის დიდ გეგმებს სახავდნენ. მე კი შეკრებაზე მამლაყინწასავით თავაწეული დავდიოდი.“