ისტორიული დღე „ბერნაბეუზე“ - თოფურიამ „რეალის“ არენაზე ჩემპიონის ქამარი წარადგინა #1TVSPORT
ილია თოფურიამ „სამეფო კლუბის“ არენაზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ახალი ისტორია დაწერა – ფეხბურთისა და შერეული ორთაბრძოლების უთვალავი გულშემატკივრის წინაშე UFC-ის ქამარი წარადგინა. ეს ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში მოხდა, სადაც „რეალი“ „სევილიას“ მასპინძლობს.
ქართველმა მებრძოლმა, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასპარეზობს, 18 თებერვალს შერეული ორთაბრძოლების ლეგენდარული ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა. ილია საქართველოსთვისაც და ესპანეთისთვისაც პირველი სპორტსმენია, ვინც UFC-ის ჩემპიონი გახდა. თოფურიას ტრიუმფი ორივე ქვეყანისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა, რაც შერეული ორთაბრძოლების დიდ პოპულარობას კიდევ ერთხელ ადასტურებს და რაც დღეს „ბერნაბეუს“ დიდებულ სტადიონზე მოხდა.
„არ მინდა, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ გუნდი, რომელიც ესპანეთის ფასეულობებს ჩემთვის ყველაზე მეტად წარმოადგენს, მადრიდის „რეალია“. ეს ის ფასეულობებია, რომელთანაც საკუთარ თავს ყველაზე მეტად ვაკავშირებ“, – განაცხადა რამდენიმე დღით ადრე ჩემპიონმა.
ილიას ჩემპიონობას მანამდე მადრიდის „რეალიც“ გამოეხმაურა:
„ვულოცავთ ილიას თოფურიას ესპანური სპორტის ამ ისტორიულ ტრიუმფს. ვამაყობთ, რომ „რეალის“ ერთგული გულშემატკივარი UFC-ის ჩემპიონი გახდა“, – დაწერა „სამეფო კლუბის“ პრესსამსახურმა.