ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთის სამხრეთით მდებარე სამ უბანში მყოფ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც სამი დარტყმა განხორციელდა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთის სამხრეთით მდებარე სამ უბანში მყოფ მოსახლეობას დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
„თქვენ იმყოფებით ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ინტერესებისა და ობიექტების სიახლოვეს, ამიტომ ისრაელის თავდაცვის ძალები მათ წინააღმდეგ იმოქმედებს. თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხოებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ შენობები, სულ მცირე 500 მეტრის რადიუსში“, – აღნიშნეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.
„ბიბისის“ ცნობით, გაფრთხილებიდან ერთ საათში ბეირუთში სამი დარტყმა განხორციელდა.
მოსახლეობის ნაწილი მოსალოდნელი საფრთხის გამო ღამეს ქუჩებში ათევს. ამასთან, ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Kan-ის ინფორმაციით, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა „ჰეზბოლასთან“ ომის შემდეგი ფაზა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანში ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 95 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 172 დაშავდა.