ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ ღაზის საავადმყოფოში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ათი ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 7 ოქტომბრის თავდასხმის მონაწილე
ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ ღაზის საავადმყოფოში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ათი ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 7 ოქტომბრის თავდასხმის მონაწილე

ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ ღაზის სამხრეთით მდებარე საავადმყოფოში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ათი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სამხედროების თქმით, შემთხვევა ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში მოხდა და, დაზვერვის ინფორმაციით, სწორედ ამ საავადმყოფოში ჰყავდა „ჰამასს“ ისრაელელი მძევლები.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის იყო 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის მონაწილე, „ჰამასის“ სასწრაფო დახმარების მძღოლი, რომელმაც მძევლები ღაზის სექტორში გადაიყვანა.

როგორც საავადმყოფოს დირექტორმა „ბიბისის“ განუცხადა, სიტუაცია საავადმყოფოს შიგნით კატასტროფული და ძალიან საშიში იყო. მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა აფეთქების ხმაც. საავადმყოფოს შიგნით ასევე იმყოფებოდნენ ძლიერი დაზიანების მქონე პაციენტებიც, რომლებიც დაწესებულებაში დარჩნენ.

მისივე ინფორმაციით, უკვე მიმართა გაერო-სა და წითელი ჯვრის ორგანიზაციას ამ პაციენტებისა და პერსონალის გადასარჩენად.

ნასერის საავადმყოფო ერთ-ერთია იმ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებიდან, რომლებიც ღაზის სექტორში ფუნქციონირებს.