ისლამ მახაჩევი, დიდი ალბათობით ოქტაგონს ივლისში ან აგვისტოში დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას მახაჩევის მენეჯერი რიზვან მაგომედოვი ავრცელებს. ხაბიბ ნურმაგომედოვის გუნდის კიდევ ერთი წევრი და მისი ბიძაშვილი უმარ ნურმაგომედოვი კი UFC-ში თავის სადებიუტო ბრძოლას ივლისში ჩაატარებს.
„მახაჩევი, დიდი ალბათობით ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გამართავს მომდევნო ბრძოლას. ჩვენ ამჟამად სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ. მას ერთი მთავარი პრობლემა აქვს – მეტოქის შერჩევა“ – აცხადებს რიზვან მაგომედოვი RT Sport-თან მიცემულ ინტერვიუში.
28 წლის ისლამ მახაჩევის ბრძოლა თავდაპირველად აპრილში იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ გეგმები საფუძვლიანად შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევს შერეულ ორთაბრძოლებში 18 გამარჯვება აქვს. დაღესტნელმა ოქტაგონზე ერთადერთი მარცხი განიცადა.