ირმა ნადირაშვილი 12 დეკემბრის ინციდენტის შესახებ პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე უარს ამბობს
ირმა ნადირაშვილი 12 დეკემბრის ინციდენტის შესახებ პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე უარს ამბობს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ 12 დეკემბრის ინციდენტზე საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მისვლაზე უარი თქვა.

,,მე ვუთხარი, რომ საერთოდ არ განვიხილავდი გამოკითხვაზე მისვლის საკითხს და ვთხოვე, ამ თემაზე აღარ დაერეკათ. ამის შემდეგ რა იქნება გამოძიების ნაბიჯები, არ ვიცი. არც ის ვიცი, მომივა თუ არა უწყება მაგისტრატი მოსამართლისგან, მაგრამ მე ვიცი ერთი რამ დაზუსტებით – სერიოზულად ამ საქმეს ვერ შევხედავ. ეს ფეკალიების საქმეა და ფეკალიებს რაც უფრო გაქექავ, უფრო სუნი დგება“,- განაცხადა დეპუტატმა.

პარლამენტის სხდომაზე ნივთიერების გაშვების ფაქტზე, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დეპუტატები კობა ლურსმანაშვილი და ენძელა მაჭავარიანი დღეს გამოიკითხნენ.

ამ დროისთვის გამოკითხულია დეპუტატი სვეტლანა კუდბაც.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში 12 დეკემბერს, სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გაურკვეველი​ ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით კი, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

ამასთან გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული.

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.