ირინე იმერლიშვილი - ჩვენს კონსტიტუციას ვუსურვებდი სტაბილურობას, ვფიქრობ, ხშირი ცვლილებები კონსტიტუციას აზიანებს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის კონსტიტუციას სტაბილურობას უსურვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა.
იმერლიშვილი აცხადებს, რომ ხშირი ცვლილებები კონსტიტუციას აზიანებს.
„ვულოცავ საქართვლოს კონსტიტუციის დღეს. კონსტიტუციის დღე მართლაც მნიშვნელოვანია და კარგია, რომ პრეზიდენტის მიღება გრძელდება, ეს ტრადიცია არის დამკვიდრებული. კონსტიტუციის შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისგან რთულია, თუმცა ჩვენს კონსტიტუციას ვუსურვებდი სტაბილურობას. ვფიქრობ, ხშირი ცვლილებები კონსტიტუციას აზიანებს. ამიტომ, ჩემი მთავარი სურვილი იქნებოდა, ყოფილიყოს სტაბილურობა და სტაბილური კონსტიტუცია ყოფილიყოს გარანტი სტაბილურობისა ქვეყანაში.
საკონსტიტუციო სასამართლო მზად არის, დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი და დაიცვას ის ნორმატიული აქტების შესაბამისობა კონსტიტუციასთან, რომლებიც არის და შესაბამისად, კანონები, სხვა ნორმატიული აქტები. საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ამისთვის არის მოწოდებული“, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის პროცესზეც: „სასამართლო ხელისუფლება არის გაყოფილი, საკონსტიტუციო სასამართლო არის ცალკე, საერთო სასამართლოები არის ცალკე – ჩვენ არ ვერევით ერთმანეთის ფუნქციებში. მეც ასევე, ვაკვირდები გარედან, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს საერთო სასამართლოებში. ვნახოთ, როგორ სიას წარადგენენ ჯერ პარლამენტში, ჯერ არ არის წარდგენილი ოცკაციანი სია. მეც ძალიან აქტიურად ვუსმენდი გასაუბრებებს, გარკვეული კითხვის ნიშნები ცხადია, არის. თუმცა, ვნახოთ, როგორ სიას წარადგენს იუსტიციის საბჭო, ამას შევხედავთ და ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა, როგორ სიას დაამტკიცებენ პარლამენტში, – აღნიშნა იმერლიშვილმა.