ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბირთვული შეთანხმების შესახებ იმსჯელეს
ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბირთვული შეთანხმების შესახებ იმსჯელეს

მოსკოვში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე, რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2015 წელს ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის მიღწეული შეთანხმება განიხილეს.

ირანის პირველმა დიპლომატმა ჯავად ზარიფმა აღნიშნა, რომ თეირანი დაინტერესებულია ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის, იგივე ბირთვული შეთანხმების ძალაში დარჩენით. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ამ შეთანხმებას ბოლომდე დაიცავს.

აღნიშნულ შეთანხმებას ექვსი ხელმომწერი სახელმწიფოდან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება, კერძოდ, ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკას ამ შეთანხმების გამოც მწვავედ აკრიტიკებდა.

2015 წელს ოფიციალურ თეირანსა და საერთაშორისო ექვსეულს (აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი) შორის მიღწეული შეთანხმება, იგივე ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა, ირანს ავალდებულებს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა შეაჩეროს, რაც ურანით გამდიდრების პროცესის შეფერხებას გულისხმობს. სანაცვლოდ ევროკავშირმა, ამერიკამ და გაერო-მ ირანს სანქციები ეტაპობრივად უნდა შეუმსუბუქოს.

ირანის ბირთვული შეთანხმება განიხილეს ოთხი დღის წინ თეთრ სახლში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა ემანუელ მაკრონმა და დონალდ ტრამპმაც. მაკრონი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეთანხმება არის ბერკეტი დასავლეთის ხელში, აკონტროლოს ირანის ბირთვული რესურსი, რის გამოც ეს დოკუმენტი პირვანდელი სახით ძალაში უნდა დარჩეს.

დღეს ირანის ტერიტორიაზე ხუთი ბირთვული რეაქტორი, სამი ბირთვული საკვლევი ობიექტი და ურანის სამი მაღაროა განლაგებული. დოკუმენტის თანახმად, ურანის მარაგი 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

დატოვე კომენტარი