ვოლოდიმირ ზელენსკი – უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზების ნაცვლად, უფრო მარტივი უკრაინის ნატო-ში მიღება არ იქნება? რატომ არ უნდა ვთქვათ ხმამაღლა ის, რაზეც ამდენი ადამიანი ფიქრობს
უკრაინის ნატო-ში სრულფასოვანი გაწევრიანება შესაძლოა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფრო ეფექტიანი და საიმედო მექანიზმი იყოს, ვიდრე ალიანსის წესდების მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიების შეთავაზება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 72-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თუ უკვე სრულიად მისაღებად მიიჩნევა, რომ ამ ომის შემდეგ მშვიდობიანი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პირობა უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებია, რასაც ზოგიერთი ახლა მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიებს უწოდებს, რატომ არ უნდა ვთქვათ ხმამაღლა ის, რაზეც ამდენი ადამიანი ფიქრობს? განა უფრო ეფექტიანი არ იქნებოდა უკრაინის უბრალოდ ნატოში მიღება? განა ეს ყველა ჩვენგანისთვის უკეთესი, განხორციელების თვალსაზრისით ნაკლებად ხარჯიანი და რეალური უსაფრთხოების დაცვისთვის უფრო საიმედო არ იქნებოდა?“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა დასავლეთთან უკვე იზიარებს საერთო ღირებულებებს და პარტნიორებთან თავდაცვის სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობს, მათ შორის ერთობლივ თავდაცვით შესაძლებლობებს იყენებს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის არმიის საბრძოლო გამოცდილება ნატოს კიდევ უფრო გააძლიერებდა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კიევისთვის მნიშვნელოვანია მკაფიო პასუხების მიღება, რომელი ქვეყნები დაეხმარებიან უკრაინას რუსეთის განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში და კონკრეტულად რა ზომებს მიიღებენ პარტნიორები.
მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ხანგრძლივ მშვიდობას და გამორიცხავდეს რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის შესაძლებლობას.
ცნობისთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანებისა და მომავალი უსაფრთხოების გარანტიების საკითხი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. რუსეთი უკრაინის ალიანსში მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ცნობისთვის, „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, „ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში უკრაინისთვის ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებს დათანხმდა“.