ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები 600-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება
ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 600-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ტელეკომპანია Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მაიკ პომპეოს თქმით, სანქციები ირანის რეჟიმის მოქმედებაზე მოახდენს გავლენას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციებმა ირანზე უზარმაზარი გავლენა უკვე მოახდინა.
„ჩვენ ირანიდან ნავთობის ექსპორტი დღიურად მილიონი ბარელით შევამცირეთ. ეს მაჩვენებელი სამომავლოდ შემცირდება. რამდენიმე ქვეყანამ ნავთობის ექსპორტი უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა. ცოტა მეტი დროა საჭირო, რომ რიცხვი ნულამდე ჩამოვიდეს“, – განაცხადა პომპეომ.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები 5 ნოემბერს შედის ძალაში. შეზღუდვები ძირითადად ირანის ნავთობის ინდუსტრიას და საბანკო სისტემას უკავშირდება.