ირაკლი ზარქუა - პოლონეთის საელჩოსთან სამართლიანი აქცია გაიმართა, რადიკალების პატრონებს რაც სჭირდებათ, იმას თუ არ შევასრულებთ, გვემუქრებიან, ამას არ „გავატარებთ“
პოლონეთის საელჩოსთან სამართლიანი აქცია გაიმართა. რადიკალების პატრონებს რაც სჭირდებათ, იმას თუ არ შევასრულებთ, გვემუქრებიან. ამას არ „გავატარებთ“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებების გახსნა შანტაჟის ინსტრუმენტია.
„რადიკალების პატრონებს რაც სჭირდებათ, იმას თუ არ შევასრულებთ, გვემუქრებიან. ესე იგი, მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. ტუსკი „ნაცების“ მეგობარი და სააკაშვილის, მზეთუნახავის ერთ-ერთი ლობისტია. მათ ინტერესებს თუ არ მივყვებით და სახელმწიფოს ინტერესებს დავთმობთ, ბერკეტებს, მუქარებს გამოიყენებენ. ამას არ „გავატარებთ“. ასეთი ბევრი მუქარა მოგვისმენია. კანდიდატის სტატუსი ღირსებით მივიღეთ და ასე გავაგრძელებთ. ტუსკისა და სიკორსკის ლუსტრაცია მოხდა, რომელთათვისაც „ნაცმოძრაობა“ დემოკრატიის შუქურაა, საზოგადოებისთვის – ტირანი და ბანდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
11 ივნისს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პოლონეთის პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის საკითხზე კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მზად არის, ყველა ხელმისაწვდომი მეთოდი გამოიყენოს „საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რომ უკანონო მიგრაციის რისკი მინიმუმამდე შევამციროთ“. ტუსკის თქმით, საჭიროა უმრავლესობა, რათა შეიზღუდოს ან შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის, საქართველოსთან.
ამასთან, დღეს საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს, რომ დონალდ ტუსკმა ბოდიში მოიხადოს უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.
„ქართველი ხალხი ყოველთვის იყო პოლონელი ხალხის მეგობარი. ასევე, პოლონელი ხალხის დამოკიდებულება არის მეგობრული. ბატონი ტუსკი ატარებს თავის პირად ინტერესებს და „დიფ სთეითის“ მეგობარია. ჩვენ ვითხოვთ, რომ მოიხადოს ბოდიში ქართველი ხალხის წინაშე. ეს არის მხოლოდ მისი პირადი ინტერესის გატარება და არ იმსახურებს ქართველი ხალხი თუნდაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას. ეს არის ერთ-ერთი ბერკეტი ქართველი ხალხის დასაშანტაჟებლად“, – განაცხადა აქციის მონაწილე სტუდენტმა.