საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა
საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ბოდიში მოიხადოს უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.

აქციის მონაწილეების აზრით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოზიცია ქართველი ხალხის შანტაჟს ისახავს მიზნად, რასაც საქართველო არ იმსახურებს.

„ბატონმა ტუსკმა ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს შანტაჟის ენის გამოყენებისთვის. ქართველი ხალხი ყოველთვის იყო პოლონელი ხალხის მეგობარი. ასევე, პოლონელი ხალხის დამოკიდებულება არის მეგობრული. ბატონი ტუსკი ატარებს თავის პირად ინტერესებს და „დიფ სთეითის“ მეგობარია. ჩვენ ვითხოვთ, რომ მოიხადოს ბოდიში ქართველი ხალხის წინაშე. ეს არის მხოლოდ მისი პირადი ინტერესის გატარება და არ იმსახურებს ქართველი ხალხი თუნდაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას. ეს არის ერთ-ერთი ბერკეტი ქართველი ხალხის დასაშანტაჟებლად“, – განაცხადა აქციის მონაწილე სტუდენტმა, ხატია როსტომაშვილმა.

11 ივნისს, დონალდ ტუსკმა პოლონეთის პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის საკითხზე კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მზად არის, ყველა ხელმისაწვდომი მეთოდი გამოიყენოს „საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რომ უკანონო მიგრაციის რისკი მინიმუმამდე შევამციროთ“. დონალდ ტუსკის თქმით, საჭიროა უმრავლესობა, რათა შეიზღუდოს ან შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის, საქართველოსთან.