ირაკლი სესიაშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ინიციატივაზე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ განაცხადა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ინიციატივაზე გამართული ეს შეხვედრა არის მაგალითი, როგორ უნდა თანამშრომლობდეს საჯარო სამსახური რელიგიურ გაერთიანებებთან.
„ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ბატონი ირაკლის მხრიდან, თუმცა თავადაც აღიარა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ჩვენთან კონსულტაციები გაევლო, ვიდრე კანონპროექტის ინიცირებას მოახდენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თავადაც აღიარებს, ხარვეზები არსებობს. შეიძლება, ვერბალურად ტექსტში არც გამონაკლისებია დაშვებული და შეიძლება, ტექნიკურად არ ითვლებოდეს ეს დისკრიმინაციულ ფორმულირებად, თუმცა შედეგი გვექნება ძალიან დისკრიმიაციული, თუკი ეს კანონი ამოქმედდება და ყოველდღიურობაში შევა. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ეს არის მუშა პროცესი, ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და ვფიქრობ, ეს არის იმის მაგალითი, როგორ უნდა თანამშრომლობდეს საჯარო სამსახური რელიგიურ გაერთიანებებთან, როდესაც საკითხი ეხება რელიგიურ გაერთიანებებს“, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.
შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ ქვეყანას სჭირდება თავდაცვა, ამ საკითხზე ყველა თანხმდება, თუმცა მისივე მოსაზრებით, თავდაცვაზე ზრუნვამ დისკრიმინაცია არ უნდა გამოიწვიოს.
„შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული. ვფიქრობ, მნიშვნელოვანიც, რადგან ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები, რომელიც არის მნიშვნელოვანი. ამ კანონპროექტის მიმართ გვქონდა დამოკიდებულება, რომ იყო ეს დისკრიმინაციული, რაც დავაფიქსირეთ. შევთანხმდით შემდგომ სამუშაოებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა და შემდგომი სამუშაოები შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები ჯერ არ გაიმართება. სესიაშვილის თქმით, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება.