ირაკლი სესიაშვილი - ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების შეფასებები, სადაც საქართველო რეგიონში ლიდერად არის აღიარებული
ირაკლი სესიაშვილი - ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების შეფასებები, სადაც საქართველო რეგიონში ლიდერად არის აღიარებული

ზოგიერთი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის რეიტინგი ეყრდნობა  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, რომელიც გარკვეულწილად პოლიტიკურ ინტერესებთან არის კავშირში, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ფრიდომ ჰაუსის“ 2019 წლის ანგარიშის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი რეიტინგების მიმართ სრული ნდობა ვერ იქნება.

„პირველ რიგში, დემოკრატიის აღქმა ყველაზე სწორად და ადეკვატურად ჩვენი საზოგადოების მხრიდან ხდება. ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების მიმართ ნდობა უფრო მეტად იგრძნობა. რაც შეეხება სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების რეიტინგებს, თავისთავად ცხადია, ეს ერთ ცალკეულ კომპონენტს ვერ დაეყრდნობა. ზოგიერთი ორგანიზაცია ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის ანგარიშებს და პოზიციებს ეყრდნობა, რომელთაგან  ზოგი გარკვეულწილად პოლიტიკურ ინტერესებთან არის კავშირში. ამიტომ, სრული ნდობა ასეთი რეიტინგების მიმართ ვერ გვექნება. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების პოზიციები და ექსპერტული შეფასებები, სადაც საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი არა მარტო რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში”,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსმა“ (Freedom House) მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. კვლევაში საქართველოს 100-დან 63 ქულა აქვს მინიჭებული. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს 64 ქულა ჰქონდა.