ირაკლი ქარსელაძე - დეცენტრალიზაცია და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ხელისუფლების სისტემის დამკვიდრება არის ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფორმატი
ირაკლი ქარსელაძე - დეცენტრალიზაცია და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ხელისუფლების სისტემის დამკვიდრება არის ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფორმატი

დეცენტრალიზაცია არის ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანამ ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინსიტროს 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, დეცენტრალიზაცია და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ხელისუფლების სისტემის დამკვიდრება არის ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფორმატი, რომელიც აუცილებელია, როგორც ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის, ისე მისი ევროპული წევრობისთვის.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულია და აქტიურად მიმდინარეობს 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელება. ხაზი გაუსვა, მუნიციპალიტეტების შემოსავლების ზრდას და მათი ფინანსური დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯი რაც უკვე გადავდგით, არის დღგ-ს განაწილების რეფორმა და რეფორმის პირველივე წელს მუნიციპალიტეტებმა მიიღეს 100 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი. ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება 2025 წლისთვის მუნიციპალიტეტების შემოსულობები გახდეს მშპ-ს არანაკლებ 7% და ეს შესრულდება. დღევანდელ პირობებში ეს ნიშნავს დამატებით ერთ მილიარდ ლარზე მეტი რესურსის მიმართვას მუნიციპალიტეტების შემოსავლებში. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს მეტი ფუნქციის და შესაბამისი თანხების გადაცემას მუნიციპალიტეტებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა გამოყო ევროკავშირის როლი ქვეყნის თვითმმართველობების გაძლიერებაში, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს მუნიციპალიტეტებში, როგორც მათი ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების, ისე ადგილებზე კომპეტენციების გაზრდისა და განვითარების მიმართულებით.

„შემუშავებულია საპილოტე პროგრამა ოთხი რეგიონისათვის: გურიის რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთისა და კახეთისთვის. თუმცა, უკვე დაწყებულია მუშაობა დოკუმენტზე, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს. დაწყებულია სმარტ-სპეციალიზაციის პროექტის პროგრამა იმერეთის რეგიონში და მის საფუძველზე დადგინდება რეგიონის ის შედარებითი და აბსოლუტური უპირატესობები, რომელთა განვითარება და გამოყენება იქნება რეგიონისათვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანი“, – განაცხადა მინისტრმა.