ირაკლი ქარსელაძე - 2030 წლისთვის დაიხურება ყველა ძველი ნაგავსაყრელი და აშენებული იქნება ექვსი ახალი რეგიონული ცენტრი
დავიწყეთ და მომდევნო წლებშიც გავაგრძელებთ ძველი მუნიციპალური ნაგავსაყრელების დახურვას და ახალი რეგიონული განთავსების ნაგავსაყრელების მშენებლობასა და მათ სათანადო მართვას, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციისას.
მინისტრის თქმით, მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით, მომდევნო წლების უმთავრესი ამოცანა იქნება მოწესრიგებული და ევროპული სტანდარტის შესაბამისი, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის უსაფრთხო, შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურის შექმნა.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან უკვე დახურულია 24, 30-ს კი ჩაუტარდა რეაბილიტაცია. 2025 წლისთვის დასრულდება ოთხი ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა
ქუთაისში, ქვემო ქართლში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო 2030 წლისთვის დახურული იქნება ყველა ძველი ნაგავსაყრელი და აშენებული იქნება სულ ექვსი ახალი რეგიონული ცენტრი.
ამასთან, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაუმჯობესდება მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისი, განახლდება ტექნიკური ბაზა, დაინერგება უფრო ეფექტური მართვის პროცესები, რაც მკვეთრად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.
რაც შეეხება ინვესტიციას, ამ მიმართულების დაფინანსება ზუსტად 5-ჯერ არის გაზრდილი და მომდევნო 10 წლის განმავლობაში, 613 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.