ირაკლი ლექვინაძე - უნდა შენარჩუნდეს ნებისმიერი ბაზარი, სადაც ქართულ პროდუქციაზე ან სერვისზე მოთხოვნა არის
ირაკლი ლექვინაძე - უნდა შენარჩუნდეს ნებისმიერი ბაზარი, სადაც ქართულ პროდუქციაზე ან სერვისზე მოთხოვნა არის

მაქსიმალური უნდა გაკეთდეს, რომ შენარჩუნდეს ნებისმიერი ბაზარი, სადაც შესაძლოა, ქართულ პროდუქციაზე იყოს მოთხოვნა, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს ქართული ეკონომიკისთვის დანაკარგია.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ქმედებები, რომელიც ხორციელდება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და უკავშირდება რიგ გადასადგმელ ნაბიჯებს, მათ შორის ფრენებს აკრძალვას და გარკვეულ პროდუქციაზე შეზღუდვების დაწესებას, ბუნებრივია, არის დანაკარგი ქართული ეკონომიკისთვის. ამ თემაზე ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მართავს შეხვედრებს რეგიონებში. როგორც ვიცი, ბიზნესმა დასვა მთავარი მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება ამ მიმართულებით გადასადგმელ მაკომპენსირებელ ნაბიჯებს“, – განაცხადა ლექვინაძემ.

მისი შეფასებით, ეკონომიკის სამინისტროს ბიზნესთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა ექნება და ეს შეეხება ძირითადად ტურიზმის სექტორს.

„ჩემი პოზიციაა, რომ მაქსიმალური გაკეთდეს, რათა ნებისმიერი ბაზარი, სადაც შესაძლოა, ქართულ პროდუქციაზე იყოს მოთხოვნა და ჩვენთვის ეს იყოს დამატებითი შემოსავალი, უნდა შენარჩუნდეს. რუსეთთან დაკავშირებით ექსპორტის 15 პროცენტზეა საუბარი და ტურისტების წილიც ამ მაჩვენებელს უტოლდება“, – აღნიშნა ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ბაზრების დივერსიფიცირების პირობებში, აღნიშნული მოკლევადიანი შოკი გადალახვადია.

„თუმცა, ჩემი პოზიციაა, ნებისმიერი ბაზარი, სადაც ქართულ პროდუქციაზე ან სერვისზე მოთხოვნაა, უნდა შენარჩუნდეს“, – აღნიშნა ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრაში მონაწილებს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ იმართება.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დღეიდან ოფიციალურად შეწყდა.  ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა. პუტინმა რუსეთის მთავრობას ასევე დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაებრუნებინათ. ამასთან, დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.