ირაკლი ლექვინაძე - აბსოლუტურად სწორია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილება, დროებით დატოვონ შესაბამისი კომპანია
ირაკლი ლექვინაძე - აბსოლუტურად სწორია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილება, დროებით დატოვონ შესაბამისი კომპანია

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ აქციების ფასის ვარდნა დროებითი პროცესია და მალე გამოსწორდება.

ამასთან, ლექვინაძის შეფასებით, ბუნებრივია მიმდინარე პროცესი კომპანიაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და შესაბამისად, სწორი იყო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის თანამდებობების დატოვების შესახებ.

„რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის განცხადება არის გავლენის მომხდენი კომპანიებზე, რომელშიც მონაწილეობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ბუნებრივია,  გუშინდელი განცხადების შემდეგ იყო გავლენა. ვფიქრობ, რომ ეს იქნება მაინც მოკლევადიანი ეფექტი და აბსოლუტურად  სწორია გადაწყვეტილება, რაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს, რომ დროებით დატოვონ შესაბამისი კომპანია, რათა ეს ერთმანეთთან არ იყოს კავშირში“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

მისი თქმით, საქმე წარმართულია სასამართლოში, სადაც მხარეებს საკუთარი პოზიციების დაფიქსირების საშუალება ექნებათ.

„ვფიქრობ, რომ საქმე გადასულია სასამართლოში და ალბათ, პროცესი იქნება შესაბამისი, რომ ორივე მხარეს ექნება თავიანთ პოზიციების დაფიქსირების საშუალება. რაც შეეხება ჩვენს კომპეტენციას, როცა საქმე ეხება სისხლის სამართლის პროცესს, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი კომპეტენციები არის შეზღუდული“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ მფლობელი კომპანიის – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები დატოვეს. „თიბისი ბანკის ჯგუფის“ განცხადების თანახმად, ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება,  დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალის დადგენილება და საქმის მასალები პროკურატურაში გუშინ  გადასცეს.

ამასთან, ლონდონის ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი შემცირდა.