ირაკლი კობახიძე - ლელა ქებურიასა და ირმა ნადირაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა დამოკიდებულია ინციდენტის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე
ირაკლი კობახიძე - ლელა ქებურიასა და ირმა ნადირაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა დამოკიდებულია ინციდენტის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრებისთვის, ლელა ქებურიასა და ირმა ნადირაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა დამოკიდებულია სხდომათა დარბაზში გუშინ მომხდარი ინციდენტის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, ირმა ნადირაშვილსა და ლელა ქებურიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ, კობახიძე პასუხობს, რომ თუ დანაშაულის დადგენა მოხდება, შეიძლება ყველაფერი მოხდეს.

„მნიშვნელოვანია, ამ საკითხის პოლიტიკური და სამართლებრივი მხარეები. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ბოლომდე მივყვეთ, რადგან მარტივი არ არის, როცა ტოქსიკური მოწამვლის ნიშნები არის პარლამენტის სხდომათა დარბაზში და როცა ამას პარლამენტის ორი წევრი აკეთებს. ამაზე პასუხისმგებლობას „სირცხვილია“ და „ევროპული საქართველო“ იღებენ. ძალიან ნიშანდობლივია ისიც, რომ ტერორისტების ლექსიკით საუბრობენ. ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური ძალა და ამის ერთ-ერთი ნიშანი იყო ის, რაც გუშინ მოხდა. ეს არის ისტერიკა და სასოწარკვეთილება, რომელსაც ეს პოლიტიკური ძალა ამჟღავნებს. გუშინ გიგა ბოკერია დაგვემუქრა, რომ დარჩენა ღამის თევით მოგვიწევდა, მაგრამ ეს ჩაუვარდათ, 200 „ნაციონალი“ ძლივს შეკრიბეს პარლამენტთან. ტოქსიკური მოწამვლის სახით რაც მოხდა, ეს იყო ისტერიკისა და სასოწარკვეთის გამოვლინება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გუშინ, სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გაურკვეველი​ ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

ამასთან გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული.

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, დეპუტატები აცხადებენ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დღესაც მძაფრი სუნი იგრძნობა.