ირაკლი კობახიძე - წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ერთიანი ოპოზიცია, ეს არის სააკაშვილის, ბოკერიას, ბურჯანაძის ერთობა, პრორუსული კოალიცია
ჩვენ ყველა მიმართულებით მივესალმებით, რომ ერთიანი სიები შეადგინონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ან საერთო კანდიდატები დააყენონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ერთიანი ოპოზიცია, ეს არის სააკაშვილის, ბოკერიას, ბურჯანაძის ერთობა. წარმოიდგინეთ, რამდენი ამომრჩეველი მისცემს ხმას ასეთ კოალიციას, რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს, ვინც მხარს დაუჭერს ასეთ გაფორმებულ პრორუსულ კოალიციას. ანტიდასავლურები რომ იყვნენ ყველა ერთად, ეს ვიცოდით, მაგრამ ეს ანტიდასავლური ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდება, როგორც პრორუსული და რუსეთის მიმართ ლოიალური ოპოზიცია. ეს ბუნებრივია, მხოლოდ მომგებიანია ჩვენთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ოპოზიციის ერთიანი სიები და საერთო კანდიდატები, ვინაიდან ამით, არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად იზრდება.
„ძალიან მარტივი საარჩევნო დათვლაა, რადგან ამ შემთხვევაში, ჩვენ გვეძლევა დამატებით საკმაოდ დიდი უპირატესობა. პროპორციულ ნაწილში ეს შეიძლება იყოს სულ მცირე ხუთპროცენტიანი უპირატესობა და მაჟორიტარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ძალიან გაგვიმარტივდება არა მხოლოდ მეორე, არამედ პირველივე ტურში ყველა ოლქში არჩევნების მოგება. აქედან გამომდინარე, ასეთ კოლაბორაციას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს გუშინ ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა.