ირაკლი კობახიძე - შეცდომა კი არ გაეპარათ, საზოგადოებამ იცის, რომ ბათუ ქუთელია არის ნაცი, შმაცი
შეცდომა კი არ გაეპარათ, ის გაეპარათ, რომ ბათუ ქუთელია მიუთითეს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. თორემ, რეალობა იყო ასახული. საბოლოო ჯამში, ეს გაასწორეს, თუმცა საზოგადოების აღქმაში ვერ გასწორდება, რადგან მან ისედაც იცის, რომ ბათუ ქუთელია არავითარი „ენჯეო“ არ არის. ის არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი – გონგო, ნაცი, შმაცი, ყველაფერი ამის ლუსტრაცია მოხდა, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, რომელიც „ორიონ სტრატეჯის“ განცხადებას გამოეხმაურა.
კობახიძის თქმით, წლების განმავლობაში ბათუ ქუთელია საზოგადოებას ურცხვად უმტკიცებდა, რომ იყო „ენჯეო“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“.
„ეს არის სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციები. თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მათ ეს ფუნქცია ჰქონდათ. როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადავიდა, ისინი გონგოებიდან პროგონგოებად გადაიქცნენ, ანუ, ოპოზიციურ „ენჯეოებად“. მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი ბათუ ქუთელიაა, რომელიც წლების განმავლობაში ურცხვად გვიმტკიცებდა, რომ ის იყო „ენჯეო“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა შესაბამის დოკუმენტში შეცდომა გაეპარათ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებას წარედგინა.
ამით ნათლად გამოჩნდა ის, რაც ყველამ ვიცოდით, რომ ბათუ ქუთელია არ არის არავითარი „ენჯეო“. ჩვენ რომ ვსაუბრობთ, რომ ნაციონალები „ენჯეოების“ სახელით საუბრობენ, ეს ყველაფერი მარტივად დადასტურდა“, – განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომელსაც ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსი აქვს. მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა კონტრაქტი, რომელიც, მისივე თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ ვებგვერდზეა ატვირთული.
საპასუხოდ, განცხადება გააკეთა„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ. დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქტში არის არა ბათუ ქუთელიას, არამედ აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ხელმოწერა.
გუშინ, დღის ბოლოს ბათუ ქუთელიამ გამოაქვეყნა „ორიონ სტრატეჯის“ განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ქუთელია საკონტაქტო პირად ადმინისტრაციული შეცდომის გამო მიუთითეს.