ბათუ ქუთელია „ორიონ სტრატეჯის“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქუთელია საკონტაქტო პირად ადმინისტრაციული შეცდომის გამო იქნა მითითებული
ბათუ ქუთელია „ორიონ სტრატეჯის“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქუთელია საკონტაქტო პირად ადმინისტრაციული შეცდომის გამო იქნა მითითებული

ბათუ ქუთელია არ არის ჩართული ჩვენი კონსულტაციების არც ერთ პოლიტიკურ ასპექტში, არ არის ჩართული ჩვენს საქმიანობაში აშშ-ში და არ არის ჩართული ჩვენს საქმიანობაში პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, – ამის შესახებ „ორიონ სტრატეჯის“ პრეზიდენტის, რენდი შეუნემანის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ავრცელებს.

ტექსტის თანახმად, ბათუ ქუთელია დოკუმენტებში საკონტაქტო პირად შეცდომის გამო იქნა მითითებული და აღნიშნული ცდომილება უკვე გასწორებულია.

„ორიონ სტრატეჯი“ ამაყობს იმით, რომ მუშაობს საქართველოს ნამდვილად პროდასავლური ძალების სახელით, ხაზს უსვამს ამჟამინდელი მთავრობის დემოკრატიაზე უარის თქმას, დაპირებების შეუსრულებლობასა და პოლიტიკურ წარუმატებლობებს, რაც სულ უფრო მეტად აღელვებთ ვაშინგტონში მაღალჩინოსნებს.

საქართველოში არსებული ტენდენციების სტრატეგიული გაგების ხელშეწყობის მიზნით, ბათუ ქუთელია დაიქირავა „ორიონ სტრატეჯიმ“, რათა ჩაეტარებინა კვლევა და ანალიზი უსაფრთხოების, ეკონომიკის, სამხედრო საქმეთა და პოლიტიკის განვითარების მიმართულებით. ელჩი ქუთელია არ არის ჩართული ჩვენი კონსულტაციების არც ერთ პოლიტიკურ ასპექტში, არ არის ჩართული ჩვენს საქმიანობაში აშშ-ში და არ არის ჩართული ჩვენს საქმიანობაში პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ადმინისტრაციული შეცდომის გამო, ბათუ ქუთელია „ორიონ სთრათეჯის“ დოკუმენტებში არასწორად იქნა მითითებული საკონტაქტო პირად, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის განყოფილებას წარედგინა. არასწორი განცხადება შესწორებულია და უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტში ცვლილებები შეიტანეს. „ორიონ სტრატეჯი“ ნანობს შეცდომას“, – აღნიშნულია „ორიონ სტრატეჯის“ პრეზიდენტის, რენდი შეუნემანის განცხადებაში, რომელსაც ბათუ ქუთელია ავრცელებს.

შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომელსაც ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსი აქვს.

მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა კონტრაქტი, რომელიც, მისივე თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ ვებგვერდზეა ატვირთული.

საპასუხოდ, განცხადება გააკეთა„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ. დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქტში არის არა ბათუ ქუთელიას, არამედ აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ხელმოწერა.

ამასთან, კომენტარი გააკეთა რომან გოცირიძემაც და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ გვარები აერია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქტს ხელს აწერს კობა ნაყოფია.