ირაკლი კობახიძე - ჩვენ მიერ წარდგენილი თითოეული რეგულაცია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება და არჩევნების დროს სამართლიანი თამაშის წესების ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ მიერ წარდგენილი თითოეული რეგულაცია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება და არჩევნების დროს სამართლიანი თამაშის წესების ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს

საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ მიერ წარდგენილი თითოეული რეგულაცია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, – ამის შესახებ დეპუტატმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს.

მისი თქმით, მომზადდა არაერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილება.

„არის არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში სამართლიანი თამაშის წესების ჩამოყალიბებას არჩევნების დროს. თითოეულის რეგულაცია, რომელიც ჩვენს მიერ არის წარდგენილი ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას. საქართველოში ახლა დაიწყება პარტიული სისტემის განვითარების პროცესი.

რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას. იყო ოდირი-ს რეკომენდაციები, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მოწესრიგებულიყო მათ შორის სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის საკითხები. გაუგებარია, რატომ საუბრობენ ოპონენტები თავისუფლების შეზღუდვაზე. აქ არის ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება, ბუნებრივია არ არის სწორი. აქ არ არის არავითარი ცვლილება, რომელიც შეიძლება, ზღუდავდეს გამოხატვის თავისუფლებას, არ არის მოაზრებული ჩვენს მიერ მომზადებულ ცვლილებებში. შესაბამისად, ეს არის თითიდან გამოწოვილი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, პარტიების დაფინანსების წესიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება.

„ეს წესი არის მიბმული მიღებულ ხმებზე. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ე.წ. რეგრესული დაფინანსების სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროპორციულად ეზრდება დაფინანსება მცირე პარტიებს. ეს დადგენილი იმისთვის, რომ მცირე ოპოზიციურ პარტიებს მიენიჭოთ უპირატესობა, გამარჯვებულ პარტიასთან მიმართებით, რათა მიზანი იყოს მიღწეული. ეს მიზანი არის სწორი და სამართლიანი თამაშის წესების ჩამოყალიბება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს.