ირაკლი კობახიძე - ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიში უნდა მოვუხადოთ გერმანიის ელჩს, რომ საქართველოს მოქალაქე ასეთ განცხადებებს აკეთებს, ოპოზიცია აჭრილია და სიტყვებს ვეღარ აკონტროლებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიში უნდა მოვუხადოთ გერმანიის ელჩს, რომ საქართველოს მოქალაქე ასეთ განცხადებებს აკეთებს, ოპოზიცია აჭრილია და სიტყვებს ვეღარ აკონტროლებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ შალვა ნათელაშვილმა თავისი განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, არამედ გერმანიის სახელმწიფოს, რაც სრულიად მიუღებელია.

„ჩვენ ბოდიშიც მოვიხადეთ იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქე ასეთ რამეს კადრულობს. ჯერ ბოკერიამ და მისმა მეუღლემ გააკეთეს შეურაცხმყოფელი განცხადებები გერმანიის ელჩის მიმართ და ამას უკვე მოჰყვა ნათელაშვილის განცხადება, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, არამედ გერმანულ სახელმწიფოს, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია.

ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიში უნდა მოვუხადოთ გერმანიის ელჩს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე აკეთებს ასეთ განცხადებებს, მით უმეტეს, საუბარია ოპოზიციის გამოკვეთილ ლიდერზე. ეს არის მიუღებელი და მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად აჭრილი და ვეღარ აკონტროლებს საკუთარ სიტყვებს“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“.

ელჩის ამ განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

მათ შორის, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ თანაუგრძნობდა გერმანიის ელჩს, რათა ის შარში გაეხვია. მისივე თქმით, გერმანიის ელჩი თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს.

ამასთან, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის ელჩს ივანიშვილის რეჟიმი აფინანსებს და გერმანიის მთავრობას მიმართა, „სამარცხვინო ელჩი გაიწვიონ“.