ირაკლი კობახიძე - ჭიათურაში მაღაროელების მოთხოვნები არის სამართლიანი, იმედია, კომპანია წავა დათმობაზე, ჩვენ მაღალ დონეზე ჩავერთვებით საქმეში
ირაკლი კობახიძე - ჭიათურაში მაღაროელების მოთხოვნები არის სამართლიანი, იმედია, კომპანია წავა დათმობაზე, ჩვენ მაღალ დონეზე ჩავერთვებით საქმეში

ჭიათურაში მაღაროელების ყველა მოთხოვნა არის სამართლიანი, დიდი იმედი გვაქვს, რომ კომპანია წავა დათმობაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„კანონმდებლობის კუთხით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. არაერთი საკანონმდებლო აქტი იქნა მიღებული, რომელიც ეხება შრომის საკითხებს, შრომის უსაფრთხოების საკითხებს, ზოგადად შრომით უფლებებს, თუმცა, სამწუხაროდ ეს არ არის საკმარისი გამომდინარე იმ სირთულეებიდან, რომელიც აქვს ეკონომიკას. ჩვენი ეკონომიკა დღემდე არის 5 000 დოლარზე ნაკლები ერთ სულ მოსახლეზე, რაც არის დაახლოებით 10-ჯერ დაბალი მაჩვენებელი ევროკავშირის დასავლეთ ნაწილთან შედარებით და დაახლოებით ორჯერ ნაკლები ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასთან შედარებით. შესაბამისად, ასეთი ეკონომიკური ვითარების ფონზე, ბუნებრივია, რომ არსებობს სირთულეები შრომითი უფლებების რეალიზების კუთხით. ეს განაპირობებს იგივე შრომის ანაზღაურების პრობლემას, სხვა სირთულეებს, ამიტომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის სწრაფი ეკონომიკური განვითარება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ყველა პრობლემის მთავარი წამალი არის ეკონომიკის გაძლიერება.

„რაც უნდა ბევრი გავაკეთოთ კანონმდებლობის დონეზე, რა თქმა უნდა, მოიტანს წინსვლას და პროგრესს თუმცა, ყველა შემთხვევაში, მთავარი არის ევროკავშირის მინიმალური სტანდარტის მიღწევა. ჩვენ დაგვხვდა დაახლოებით 3 600 დოლარი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, დღეს არის 5 000 დოლარამდე, თუმცა საჭიროა ამ მაჩვენებლის გაორმაგება, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების სათანადო შრომითი უფლებები“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მაღაროელების არც ერთი მოთხოვნა არ არის უსაფუძვლო. ირაკლი კობახიძე იმდოვნებს, რომ კომპანია დათმობაზე წავა.

„არის კონკრეტული მოთხოვნები დაყენებული, მათ შორის ეს მოთხოვნები ეხება შრომის ანაზღაურებას, კვების კუთხით სტანდარტების გაუმჯობესებას, ასევე ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებას, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნა. ყველა მოთხოვნა არის სამართლიანი. საჭიროა კომპანიასთან კონსულტაციების წარმოება და დიდი იმედი გვაქვს, რომ კომპანია წავა დათმობაზე. არც ერთი მოთხოვნა არ არის უსაფუძვლო. შესაბამისად, საჭიროა კონსულტაციები და საჭიროა დათმობა კომპანიის მხრიდან. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ჩავერევით ამ პროცესში და აუცილებლად ასეც მოხდება. რამდენიმე დღე დაგვჭირდება, რომ დავაკვირდეთ პროცესებს. დაგეგმილია ხელისუფლების მხრიდან მაღალი რანგის წარმომადგენლების ჩასვლა ჭიათურაში. ისინი ჩაერთვებიან კონსულტაციებში. იმედი გვაქვს, ეს მცდელობა გამოიღებს შედეგს, თუ არადა, ჩვენ დამატებით კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩავერთვებით საქმეში, რათა მოხერხდეს შეთანხმების მიღწევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცახდებით, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები პროტესტს წყვეტენ და სამუშაო ადგილებს ხვალიდან დაუბრუნდებიან.

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა თერთმეტი დღის წინ დაიწყო. გაფიცულთა ნაწილი შიმშილობდა. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვდნენ.