ირაკლი კობახიძე -  ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა სხვა საკადრო გადაწყვეტილებებზე გავლენას არ მოახდენს
ირაკლი კობახიძე -  ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა სხვა საკადრო გადაწყვეტილებებზე  გავლენას არ მოახდენს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევა არავითარ გავლენას არ მოახდენს სხვა საკადრო გადაწყვეტილებებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“რეფორმის ახალ ტალღას ჩაუდგება სათავეში.

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ის შესაბამისი ფორმალური პროცედურების შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. ჩვენ ძალიან ხშირად, მათშორის პარტიულ კონფერენციებზე ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭიროა, შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პოლიტიკური პარტია. ეს გადაწყვეტილება ვერავითარ და არავითარ გავლენას არ მოახდენს სხვა საკადრო საკითხებზე და გადაწყვეტილებებზე. ყველაფერი ისე რჩება, როგორც არის პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საჭიროა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება და ამ კუთხით მნიშვნელოვანია, პარტიას სათავეში ჩაუდგეს ბიძინა ივანიშვილი.

 „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს თავად შესთავზა, პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო.

დატოვე კომენტარი