ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის განცხადებით გაცხადდა, რომ გახარია არ არის „ოცნებისა“ და ივანიშვილის პროექტი, ის არის სხვა ვინმეს ან რამის პროექტი
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის განცხადებით გაცხადდა, რომ გახარია არ არის „ოცნებისა“ და ივანიშვილის პროექტი, ის არის სხვა ვინმეს ან რამის პროექტი

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით გაცხადდა, რომ გახარია არ არის არც „ოცნების“ და არც ივანიშვილის პროექტი, გახარია არის სხვა ვინმეს ან რამის პროექტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს.

ამასთან, რაც შეეხება გახარიას თანამდებობიდან გადადგომას, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს იყო ღალატზე მეტი, სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

„ამ ყველაფრით გაცხადდა, რომ გახარია არ არის არც „ოცნების“ პროექტი, არც ივანიშვილის პროექტი და მგონი, გაცხადდა ისიც, რომ გახარია არის სხვა ვინმეს ან რამის პროექტი. ამაზე უკვე მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება. რაც შეეხება შეფასებას, ღალატი, მოღალატე, ეს საუკეთესოდ ასახავს იმ ყველაფერს, რაც მოხდა ამ წლის თებერვალში საქართველოში. ეს ყველაფერი საუკეთესოდ ასახავს იმას, რა ნაბიჯები გადადგა გახარიამ. ეს, რა თქმა უნდა, იყო გუნდის ღალატი და უფრო მეტიც, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში ითქვა, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ეს შეიძლება, პოლიტიკურად შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, რაც შეეხება საკითხს, რომლის მიხედვით, პარტიამ „საქართველოსთვის“ ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, კობახიძემ განაცხადა, რომ კითხვების არსებობის შემთხვევაში, ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

„გამოძიება არის სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია. თუ რამე კითხვა იქნება, რა თქმა უნდა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით  განცხადება გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.

ამასთან, ივანიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია. მისი თქმით, „მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“.