პარტიამ „საქართველოსთვის“ ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურს მიმართა
პარტიამ „საქართველოსთვის“ ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურს მიმართა

პარტიამ „საქართველოსთვის“ ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, – ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებით მიხედვით, პარტია მოითხოვს, გამოძიება ჩატარდეს ობიექტურად, რათა გონივრულ, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში პასუხი გაეცეს მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმდჯომარის ბრალდებებს.

„მიმდინარე წლის 4 ივნისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სატელევიზიო ინტერვიუს მიმდინარეობისას გაავრცელა შესაძლო დანაშაულის შემცველი ინფორმაცია, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში, მზადდებოდა შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად, რაში თანამონაწილეობისთვისაც ბრალი დასდო იმ დროისთვის ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს – გიორგი გახარიას, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს, მისივე თქმით, უკრაინიდან და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.

მასმედიაში ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს შესაძლო მძიმე დანაშაულის ნიშნებს, რაშიც ეს უკანასკნელი ამხელს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მოქმედ პოლიციელებსა და ჯარისკაცებს.

აღნიშნული ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს, გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს აყენებს პოლიციასა და თავდაცვის ძალებს, სახელმწიფოს შიდა უსაფრთხოებასა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

გარდა აღნიშნულისა, როგორც ირაკლი კობახიძის ინტერვიუდან ირკვევა, ის უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში ფლობდა ამ ინფორმაციას, რაზეც რეაგირება არ მოუხდენია მაშინ, როდესაც ამის სამართლებრივი ვალდებულება გააჩნდა, რადგან დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დასჯად ქმედებას.

აღნიშნული ინფორმაციის, ირაკლი კობახიძის მიერ 4 ივნისის ეთერში გაჟღერება საეჭვოდ ემთხვევა მმართველი პარტიის ამჟამინდელი ლიდერების თითქმის ოთხი თვის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს, რომელთა თანახმად, ისინი ელოდებოდნენ გიორგი გახარიას პოლიტიკაში გააქტიურებას, მის პოზიციონირებას და მხოლოდ ამის საფუძველზე გააკეთებდნენ შეფასებებს, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში გაჟღერებული ეს ბრალდებები, შესაძლოა, პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციასა და პოლიტიკური ნიშნით მის დევნას ემსახურებოდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ: დაიწყოთ გამოძიება მასმედიაში გასულ შესაძლო დანაშაულის შემცველ ინფორმაციაზე; გამოძიება ჩატარდეს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად; გონივრულ, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გაეცეს პასუხი მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმდჯომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს აქვს თუ არა რაიმე საფუძველი, რადგან ყოველი დაგვიანებული დღე აზიანებს ჩვენი პოლიციისა და თავდაცვის ძალების ავტორიტეტს, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე და მართლწესრიგზე; გაჟღერებული ბრალდებების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, მოხდეს იმ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა, რომელთაც მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, შესაძლოა, ცრუ დასმენა განახორციელეს“, – აღნიშნულია პარტიის „საქართველოსთვის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან მიიღეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიული მთავრობის ფორმირებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სარფიდან შემოსვლის შესახებ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადებას ითხოვდა, რის შემდეგაც, მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა და კიევიდან მიღებული ინფორმაცია არ გაანდეს.