ირაკლი კობახიძე - 500-მეტრიან რადიუსში დგომის აკრძალვა კომიკურია
ირაკლი კობახიძე - 500-მეტრიან რადიუსში დგომის აკრძალვა კომიკურია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსით იკრძალება 25-მეტრიან რადიუსში აგიტაცია და ამომრჩევლის ფიზიკურად შეფერხება, თუმცა დგომის აკრძალვა გათვალისწინებული არ არის.

მისივე თქმით, კენჭისყრის შენობიდან 500-მეტრიან რადიუსში დგომის აკრძალვა კომიკურია.

„ამ ეტაპზე ჩვენ საარჩევნო კოდექსით ვკრძალავთ მხოლოდ სააგიტაციო მასალის განთავსებას 25-მეტრიან რადიუსში და იკრძალება ამომრჩევლის ფიზიკურად შეფერხება, მაგრამ დგომის აკრძალვა საარჩევნო კოდექსით არ არის გათვალისწინებული.

რაც შეეხება 500-მეტრიან აკრძალვას, ეს საერთოდ კომიკურია. მაგალითად: პარლამენტის გვერდით, პირველი სკოლის შენობაში არის საარჩევნო უბანი და რომ დაწესდეს 500-მეტრიანი კი არა, 50-მეტრიანი რადიუსი, ადამიანებს აეკრძალებათ გაჩერებაზე დგომაც კი.

ეს არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი და კომიკური. კარგად ჩანს, რომ მათ ინტერესებში არ არის 25- მეტრიან რადიუსში ამომრჩევლის დგომის აკრძალვის უზრუნველყოფა. ანუ, ძალიან მარტივად გაიშიფრნენ ისინი ამ პასუხებით“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ, პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა მემორანდუმის გაფორმება, რათა ყველას აეღო პასუხისმგებლობა კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25-მეტრიანი რადიუსის დაცვაზე.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ უარი თქვეს.

მისივე თქმით, თავიდანვე ჩანდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ინტერესში რადიუსი არ შედიოდა.