ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ხშირად აყენებენ ისეთ მოთხოვნას, რომელსაც თვითონაც ეწინააღმდეგებიან, მარტივი ტრიუკით მათი ჩანაფიქრი გამოვავლინეთ
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ხშირად აყენებენ ისეთ მოთხოვნას, რომელსაც თვითონაც ეწინააღმდეგებიან, მარტივი ტრიუკით მათი ჩანაფიქრი გამოვავლინეთ

ძალიან მარტივია, თუ რატომ გასცეს ასეთი პასუხი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ჩვენს შეთავაზებას, ისინი ყოველთვის პირველები იყვნენ, ვინც იკავებდა რადიუსს საარჩევნო უბნების გარშემო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, თავიდანვე ჩანდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ინტერესში რადიუსი არ შედიოდა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე, გაეფორმებინათ მემორანდუმი და ყველას აეღო პასუხისმგებლობა 25-მეტრიანი რადიუსის დაცვაზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ უარი თქვეს.

„ჩვენ გავაკეთეთ საჯარო შეთავაზება, თუმცა, ამაზე მივიღეთ ძალიან ლოგიკურად უარყოფითი პასუხი. ლოგიკურია ის, რომ მათ ინტერესებშია ის ვითარება, რომელიც არის საარჩევნო უბნების გარშემო.

ჩვენ 2019 წელს ვცადეთ, შეგვექმნა ისეთი ვითარება, როდესაც არავინ არ იდგებოდა 25-მეტრიან რადიუსში, თუმცა მაშინაც, ჯერ დილის 8 საათი არ იყო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, „ევროპული საქართველოს“ არა მარტო აქტივისტებს, წევრებსაც ჰქონდათ დაკავებული 25-მეტრიანი რადიუსი.

შესაბამისად, აქ ყველაფერი არის ნათელი. ინფორმაციას მივაწვდით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებსაც. ჩვენ მანამდეც ვეუბნებოდით მათ, რომ სწორედ „ნაცმოძრაობა“ უშლიდა ხელს 25- მეტრიანი რადიუსის დაცვას და ეს ძალიან მარტივად გამოაშკარავდა იმ პასუხებით, რომლებიც ჩვენ მივიღეთ.

ძალიან მარტივად გაიყიდნენ, ჟარგონზე რომ ვთქვათ. მათი მოთხოვნა იყო, თითქოს 25-მეტრიანი რადიუსის დაწესება და ამ რადიუსის შიგნით ადამიანების დგომის სრული აკრძალვა, მაგრამ როგორც კი შევთავაზეთ მემორანდუმის გაფორმება ამასთან დაკავშირებით, მაშინვე უარი თქვეს. ხშირად, ისინი აყენებენ ხოლმე ისეთ მოთხოვნას, რომელსაც თვითონაც ეწინააღმდეგებიან. მარტივი ტრიუკით მათი ეს ჩანაფიქრი გამოვავლინეთ. შეაბამისად, მათ არაფერი აქვთ სათქმელი“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მზადაა, 25-მეტრიანი რადიუსის წესი დაიცვას.

„ჩვენ მზად ვართ, რომ დავიცვათ 25-მეტრიანი რადიუსის წესი და ვურჩიოთ ჩვენს აქტივისტებს, მივცეთ ინსტრუქცია, რომ არ დადგნენ საერთოდ 25- მეტრიან რადიუსში, თუმცა, როგორც „ნაცმოძრაობის“, ასევე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა გამოამჟღავნეს, რომ სწორედ ისინი ეწინააღმდეგებიან ამ წესის დადგენას. ძალიან მარტივად გაიშიფრნენ ისინი ასეთი მარტივი პასუხით“, – აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ, პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა მემორანდუმის გაფორმება, რათა ყველას აეღო პასუხისმგებლობა კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25-მეტრიანი რადიუსის დაცვაზე.