ირაკლი კობახიძე - პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობთ მემორანდუმის გაფორმებას, რათა ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა 25-მეტრიანი რადიუსის დაცვაზე
ირაკლი კობახიძე - პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობთ მემორანდუმის გაფორმებას, რათა ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა 25-მეტრიანი რადიუსის დაცვაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25-მეტრიან რადიუსში აგიტაცია იკრძალება და აღნიშნულთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს.

თუმცა, რაც შეეხება 25 მეტრის რადიუსში ადამიანების დგომას, კობახიძე ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობენ მემორანდუმის გაფორმებას, რათა ყველამ აიღოს პასუხისმგებლობა 25-მეტრიანი რადიუსის დაცვაზე.

„რეალურად, საუბარია 25-მეტრიან რადიუსზე. სხვა საკითხებში რაიმე არსებითი კითხვები განხილვებისას არ ყოფილა. ერთადერთია 25-მეტრიანი რადიუსი, რაზეც რეგულაციები გვაქვს. ფიზიკურად ამ რადიუსში აგიტაციის გაწევა აკრძალულია.

რაც შეეხება 25-მეტრიან რადიუსში ადამიანების დგომის აკრძალვას, იქედან გამომდინარე, რომ ეს ნორმა აღსრულებადი არ არის, პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას ვთავაზობთ, რათა ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა 25-მეტრიანი რადიუსის დაცვაზე. იმედია, მემორანდუმს შემოუერთდებიან. ამით კიდევ გამოჩნდება, თუ რა სურთ მათ“, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილება ეხება მათ შორის იმას, რომ კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც დაექვემდებარება ჩამოხსნას, დემონტაჟს, აღებას.

ასევე, აიკრძალება 25 მეტრის რადიუსში ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება.