ირაკლი ბერაია - რუსეთის მხრიდან კომპენსაციის გადახდის საკითხზე პირობების დაყენება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევაა
ირაკლი ბერაია - რუსეთის მხრიდან კომპენსაციის გადახდის საკითხზე პირობების დაყენება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევაა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, რუსეთის მხრიდან კომპენსაციის გადახდის საკითხზე პირობების დაყენება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევაა.

როგორც ჟურნალისტებს ბერაიამ განუცხადა, პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას.

„იცით, რომ 2019 წელს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდის თაობაზე. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში შავით თეთრზე წერია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი კომპენსაციას გადაიხდის, ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას 18-თვიანი ვადა ეძლევა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან ერთად გადახდის შესაბამისი მექანიზნები განსაზღვროს. რუსეთი ცდილობს, რომ თავის არიდებისა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გაწელვის მიზნით, თანმიმდევრობა შეცვალოს. ამბობს, რომ ჯერ უნდა განისაზღვროს გადახდის მექანიზნები და კომპენსაციის ოდენობა, რასაც საქართველოს ხელისუფლება განსაზღვრავს. რუსეთის მხრიდან ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევა. უპირველესად, კომპენსაციის გადახდა უნდა მოხდეს, რის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლებას ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან ერთად 18-თვიანი ვადა აქვს. რუსეთს ეს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომებზე ძალიან მკაფიოდ უთხრეს და ამას კიდევ ერთხელ გაუმეორებენ მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება“, – განაცხადა ბერაიამ.

რუსული გამოცემა „ვედომოსტის“ ინფორმაციით, რუსეთმა გამონახა გზა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო საქართველოს არ გადაუხადოს. გამოცემის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ „სერიოზული პრობლემები“ შეექმნათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების დროს, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დეპორტაციისთვის, საქართველოს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა. 2019 წლის სექტემბრის სხდომის მსგავსად, კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ. კომიტეტმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთისათვის დაკისრებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის გადახდა არის უპირობო ვალდებულება და შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად ზემოაღნიშნული ვალდებულებისა, მოპასუხე სახელმწიფოს ამ დრომდე არ გადაუხდია დაკისრებული თანხა.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალი დებატები 2020 წლის მარტში ჩანიშნა.