ირაკლი აბესაძე - არაადეკვატურია, პარლამენტი და მთავრობა მუშაობდეს სხვა საკითხზე, გარდა იმისა, თუ როგორ შედგეს ქვეყანაში პროპორციული არჩევნები
ირაკლი აბესაძე - არაადეკვატურია, პარლამენტი და მთავრობა მუშაობდეს სხვა საკითხზე, გარდა იმისა, თუ როგორ შედგეს ქვეყანაში პროპორციული არჩევნები

არაადეკვატური და მეათეხარისხოვანია დღეს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა ან რომელიმე პოლიტიკოსი მუშაობდეს სხვა საკითხზე გარდა იმისა თუ როგორ უნდა შედგეს ქვეყანაში პროპორციული არჩევნები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, სხვა პარტიებთან მიმდინარეობს მუშაობა, როგორ შეიძლება კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშე მოხდეს პროპორციული არჩევნების მიღწევა.

„ჩვენ უკვე ვხედავთ წინასწარ განცხადებებს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ შეუძლებელია ე.წ. გერმანული მოდელის მიღება. აცხადებენ, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ეს არის სრული აბსურდი, რადგან მოქმედი კონსტიტუციით, გარდამავალი დებულებებით ახლა არჩევნების ჩატარების წესს და მანდატების განაწილების წესს განსაზღვრავს კანონი, კონსტიტუციით დადგენილია მხოლოდ და მხოლოდ 3%-იანი ბარიერი. ჩვენ შევიმუშავებთ შესაბამის წინადადებას და მივაწვდით საქართველოს პარლამენტს განსახილველად. სხვა ნებისმიერ საკითხზე მსჯელობა დღეს არის საზოგაოდების მოტყუება და დაცინვა. მთავარი მოთხოვნა არის სამართლიანი არჩევნები, სწორედ ეს გამოიწვევს შემდგომ ყველა სხვა პრობლემის მოგვარებას, რომელზეც თითქოს ახლა ფიქრობს მთავრობა“, – განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ არ აპირებს არც ერთი ტიპის სხდომაში მონაწილეობას, არც პლენარულ და არც საკანონდებლო განხილვებში.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტის პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.

რაც შეხება ე.წ. გერმანულ მოდელს, ამ მოდელის მიხედვით, შენარჩუნებულია მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა სადეპუტატო მანდატების საბოლოო განაწილება მიბმულია პროპორციულ არჩევნების შედეგებზე. მაგალითად, თუ პარტია პროპორციულ არჩევნებში აიღებს მოსახლეობის ხმების 50%-ს, რაც 150-წევრიან პარლამენტში 75 სადეპუტატო ადგილს ნიშნავს და პარალელურად, მოიგებს მაჟორიტარულ არჩევნებს 60 ოლქში, მაშინ ის 60 ადგილს შეავსებს მაჟორიტარების ხარჯზე, საარჩევნო პროპორციული სიიდან კი, მხოლოდ პირველ 15 ადამიანს გაიყვანს.

ამასთან, დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.