იქნება თუ არა მელქაძის საქართველოს ნაკრებში გადასვლა დანაკლისი - კარპინმა გიორგის გადაწყვეტილება უკომენტაროდ დატოვა #1TVSPORT
იქნება თუ არა მელქაძის საქართველოს ნაკრებში გადასვლა დანაკლისი - კარპინმა გიორგის გადაწყვეტილება უკომენტაროდ დატოვა #1TVSPORT

რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინი გამოეხმაურა „სოჭის“ ფორვარდის, გიორგი მელქაძის განცხადებას საფეხბურთო მოქალაქეობის შესაძლო შეცვლასა და საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილზე.

„რუსეთის ნაკრებში თამაშის შანსი ყველას აქვს“, – ციტირებს კარპინის სიტყვებს გამოცემა „ჩემპიონატი“.

25 წლის მელქაძემ, რომელიც რუსეთშია აღზრდილი და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს, აღიარა, რომ რუსეთის ნაკრებში არგამოძახების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს ნაკრები ამჯობინოს. მას რუსეთის ნაკრებში არასდროს უთამაშია და დარწმუნებულია, რომ თუ ახლა საერთაშორისო დონეზე არ გამოვა, შეიძლება მერე გვიანი იყოს.

კარპინმა კი ზოგადი კომენტარით ფაქტობრივად, აღიარა, რომ მელქაძით დაინტერესებული არაა, რადგან წარმოშობით ქართველი ფეხბურთელის გამოძახებაზე სიტყვაც არ დაუძრავს.

ამაზე მეტყველებს მისი პასუხი კითხვაზე – „საფეხბურთო მოქალაქეობას თუ შეიცვლის და საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, იქნება თუ არა ეს რუსეთის ნაკრებისთვის დანაკლისი?“, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა – „კომენტარის გარეშე“.

25 წლის მელქაძეს რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში ერთი მატჩიც არ უთამაშია. თუმცა შემტევ ნახევარმცველს რუსეთის ყველა ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებში იწვევდნენ და 19 და 21-წლამდელებში კაპიტანიც იყო. ჯამში ამ ნაკრებებში 40-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. 2015 წელს, რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, საბერძნეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

2022 წლის იანვარში მელქაძე „სოჭში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა გუნდში 8 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გიორგი მელქაძე რუსეთშია გაზრდილი, მაგრამ მისი ოჯახის წევრები დღემდე სამტრედიაში ცხოვრობენ.