ინგლისს ფანების გამო, შესაძლოა, მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება არ მისცენ #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები აპირებენ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციას უჩივლონ. ყველაფერში დამნაშავეა ევრო 2020-ის ფინალის ცუდი ორგანიზაცია და ნაკრების ფანები.
გაზეთი The Times იტყობინება, რომ ფეხბურთელები ძალიან უკმაყოფილონი არიან: მათ მიაჩნიათ, რომ მთელი ფინალის განმავლობაში წნეხის ქვეშ იყვნენ სტადიონზე არასაკმარისი უსაფრთხოების გამო. თავის მხრივ, ასოციაცია წუხს მომავალ ტურნირებზე – „უემბლის“, შესაძლოა, საერთოდ აუკრძალონ დიდი საფეხბურთო მოვლენების ორგანიზება.
იტალიასთან ფინალის წინ, ინგლისელმა უბილეთო გულშემატკივრებმა „უემბლის“ შტურმი დაიწყეს. ისინი ამტვრევდნენ ბარიერებს, ძვრებოდნენ ღობეზე და ჩხუბობდნენ იმის მიუხედავად, რომ პოლიცია ცდილობდა ამ არეულობის შეწყვეტას. განსაკუთრებით აგრესიული ფანები ადგილებს ართმევდნენ ბილეთებიან გულშემატკივრებს. ერთ მომენტში ნეკნების ტრავმა მიიღო ჰარი მაგუაირის მამამ, მატჩის შემდეგ კი ფორმულა 1-ს პილოტი ლანდო ნორისი გაქურდეს.
ნაკრები არ აპირებს ამ ფაქტის უყურადღებოდ დატოვებას და ფეხბურთელები უკვე ამზადებენ კოლექტიურ წერილს ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის მისამართით. ამან შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ინგლისის განაცხადზე მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ.
დიდმა ბრიტანეთმა (ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია) და ირლანდიამ დიდი ხნის წინ გამოთქვეს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი.