ვინისიუსი ესპანეთისთვის მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის ჩამორთმევის წინადადებით გამოვიდა #1TVSPORT
მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ვინისიუსი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) უნდა განიხილოს შესაძლებლობა, ჩამოართვას ესპანეთს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება, თუ ამ ქვეყანაში არ გაუმჯობესდება სიტუაცია რასიზმთან დაკავშირებით.
„2030 წლამდე ჩვენ ბევრი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ცვლილებები მოხდეს. იმედია, ესპანეთი შეიცვლება და ხალხი გააცნობიერებს, რამდენად სერიოზულია ადამიანის შეურაცხყოფა მისი კანის ფერის გამო. ვფიქრობ, თუ სიტუაცია 2030 წლისთვის უკეთესობისკენ არ შეიცვლება, საჭირო გახდება მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის შეცვლა. მოთამაშეები ვერ იგრძნობენ თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ ქვეყანაში, სადაც შეიძლება ზიანი მოგაყენონ რასიზმის გამოვლენისგან.
მინდა, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რათა სიტუაცია შეიცვალოს, რადგან ესპანეთში ხალხის უმრავლესობა არ არის რასისტი. ეს არის ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელიც აფუჭებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელშიც ცხოვრება სასიამოვნოა“, – განაცხადა ვინისიუსმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატს ესპანეთი პორტუგალიასთან და მაროკოსთან ერთად უმასპინძლებს, ხოლო სასტარტო სამი მატჩი ურუგვაიში, არგენტინასა და პარაგვაიში გაიმართება.