ინდოეთის მთავრობამ „ტიკტოკი“ და კიდევ ათეულობით ჩინური აპლიკაცია აკრძალა
ინდოეთის მთავრობამ „ტიკტოკი“ და კიდევ ათეულობით ჩინური აპლიკაცია აკრძალა

ინდოეთის მთავრობამ „ტიკტოკი“ და კიდევ ათეულობით ჩინური მობილური აპლიკაცია აკრძალა. როგორც ინდოეთის ხელისუფლება ამტკიცებს, ეს აპლიკაციები ქვეყნისთვის სახიფათოა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ოფიციალურ განცხადებაში ინდოეთის მთავრობა წერს, რომ ეს აპლიკაციები „აზიანებს ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ინდოეთის თავდაცვას, უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს“.

ინდოეთში მომხმარებლები ვეღარ ისარგებლებენ, საერთო ჯამში, 59 აპლიკაციით. მათ შორის არის ცნობილი და პოპულარული მესინჯერი „ვი ჩათი“.

ინდოეთის ინფორმაციის სამინისტროში განმარტეს, რომ დაბლოკილი აპლიკაციების საშუალებით მომხმარებელთა პირად ინფორმაციასთან წვდომა მათი ნებართვის გარეშე არის შესაძლებელი.

ინდოეთის მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დელისა და პეკინს შორის ურთიერთობების დაძაბვა, რაც გამოწვეული იყო სადავო საზღვარზე კონფლიქტის ესკალაციით. ივნისის დასაწყისში ინდოეთმა და ჩინეთმა ჰიმალაის მთიანეთში მდებარე სასაზღვრო ხაზთან დამატებითი სამხედროები გააგზავნეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილზე შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა სულ მცირე 20 ინდოელი სამხედრო.