იმერეთში მოქმედმა მედიასაშუალებებმა სოლიდარობის აქცია გამართეს
იმერეთში მოქმედმა მედიასაშუალებებმა სოლიდარობის აქცია გამართეს

იმერეთში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს სახელწოდებით „არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება“.

აქციის მონაწილეებმა დაგმეს გუშინ თბილისში განვითარებული მოვლენები და შესაბამის უწყებებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

„ეს არის წითელი წერტილი და ზღვარსგადასული ქმედება, რადგან ამ ქვეყანაში დაცული აღარავინ არის. იმის ნაცვლად, რომ ჟურნალისტები და მედია დაცული იყოს, პირიქით, რაც შეიძლება ხშირად ხდება ასეთი ფაქტები. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, რომ ქართულ მედიას სოლიდარობა გამოუცხადონ და აღმოუჩინონ დახმარება“, – განაცხადა რადიო „ძველი ქალაქის“ პროგრამების ხელმძღვანელმა ქეთი ბერძენიშვილმა.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით რვა პირია დაკავებული. მათივე ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.

ამასთან, საქართველოს პირველმა არხმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უმოკლეს დროში გამოიძიონ ყველა მომხდარი ფაქტი. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, რაც აუცილებელია საზოგადოების სრულფასოვნად ინფორმირებისთვის.