ილია მეორე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
ილია მეორე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

„ელჩმა მის უწმინდესობას მადლობა გადაუხადა მიღებისთვის, ასევე გავრცელებული განცხადებისა და მშვიდობისკენ მოწოდებისთვის.

კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩის რანგში საქმიანობის დაწყება მიულოცა ბატონ ფაიგს და კვლავ გამოთქვა წუხილი საომარი მოქმედებების გამო. ბოლოს დასძინა: „სიმართლეზე ძვირფასი არაფერია; უნდა ვეძიოთ იგი; სიმართლემდე კი გზა ნაბიჯ-ნაბიჯაა გასავლელი“. იგივე ითქვა სომხეთის ელჩთან წინა დღის შეხვედრაზეც.

ინებოს ღმერთმა, რომ ეს სამართლებრივი, მშვიდობიანი მეთოდებით განხორციელდეს“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გუშინ ასევე შეხვდა საქართველოში სომხეთის ელჩს, რუბენ სადოიანს.