იენს ლემანი რასისტულ სკანდალში გაეხვა და „ჰერტას“ დირექტორთა საბჭო დატოვა #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე იენს ლემანი ბერლინის „ჰერტას“ დირექტორთა საბჭოდან გარიცხეს მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გამოქვეყნდა მისი შეტყობინება, რომელიც რასისტულად მიიჩნიეს.
ლემანმა „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის დროს, შეტყობინება გაუგზავნა ასევე ყოფილ ფეხბურთელს, Sky Germany-ის ექსპერტს დენის აოგოს. მისი ხუმრობა რასისტული ხასიათისა იყო: „დენის, სამუშაოზე შავების ქვოტით მოხვდი?“
აოგო (ნიგერიული წარმოშობის გერმანელი) აღშფოთდა, „ინსტაგრამში“ ამ შეტყობინების ფოტო განათავსა და დაწერა: „ოჰო, სერიოზულად? სავარაუდოდ, ეს სიტყვები ჩემი მისამართით არ არის“.
ლემანმა ბოდიში მოუხადა აოგოს, მაგრამ სკანდალი თავიდენ ვერ აიცილა. ლემანის განთავისუფლების შემდეგ, „ჰერტამ“ აღნიშნა, რომ მსგავსი საქციელი არ შეესაბამება კლუბის ღირებულებებს.