ჩაკვეტაძე სათადარიგოებში დარჩა, „ჰამბურგი“ ბუნდესლიგაში ვერ დაბრუნდა - „ჰერტამ“ გერმანულ ელიტაში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT
ჩაკვეტაძე სათადარიგოებში დარჩა, „ჰამბურგი“ ბუნდესლიგაში ვერ დაბრუნდა - „ჰერტამ“ გერმანულ ელიტაში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT

„ჰამბურგმა“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს, ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში ბერლინის „ჰერტა“ საკუთარ არენაზე მიიღო და პირველ შეხვედრაში მიღებული უპირატესობა ვერ გამოიყენა.

გიორგი ჩაკვეტაძის გუნდმა მეორე ბუნდესლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ბუნდესლიგის ბოლოდან მესამეადგილოსან ბერლინის „ჰერტას“ დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა „ჰამბურგმა“ გასვლაზე „ოლიმპიაშტადიონზე“ 1:0 მოიგო და უპირატესობა ჰქონდა.

„ფოლკსპარკშტადიონზე“ გამართულ განმეორებითი მატჩში გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში იყო, მაგრამ 18 აპრილის შემდეგ უთამაშებელმა ქართველმა შემტევმა შეხვედრას ამჯერადაც სათადარიგოთა სკამიდან მიადევნა თვალი. შეხვედრა ბერლინელებმა უკეთ დაიწყეს, პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდნენ და მე-4 წუთზე კაპიტნის, „მანჩესტერ სიტის“ ექს-მცველის, დედრიკ ბოიატას გოლით დაწინაურდნენ.

„ჰამბურგის“ მდგომარეობა 63-ე წუთზე გამოუვალი გახდა, როდესაც მარვინ პლატენჰარდტმა წარმოუდგენელი პოზიციიდან საჯარიმო დარტყმით „ჰერტას“ უპირატესობა ორამდე გაზარდა 0:2. საბოლოოდ, მატჩი ასეც დასრულდა და ორი შეხვედრის ჯამში, „ჰამბურგი“ 1:2 (1:0, 0:2) დამარცხდა და ისევ მეორე ბუნდესლიგაში ითამაშებს, „ჰერტამ“ კი ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეეცდება დრეზდენის „დინამო“, სადაც გურამ გიორბელიძე თამაშობს. დრეზდენელებმა პირველი მატჩი მესამელიგელ „კაიზერსლაუტერნთან“ გასვლაზე 0:0 დაასრულეს და 24 მაისს საკუთარ არენაზე განმეორებით მატჩში უმასპინძლებენ.